გიორგი დობორჯგინიძე - თუ კრიზისი ორ-სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, ლოგისტიკის ჯაჭვში მონაწილე კომპანიებს მეტი დივერსიფიკაცია მოუწევთ
საზღვრის კვეთის ოპერაციები პრაქტიკულად შეუფერხებლად მიმდინარეობს, საერთაშორისო გადაზიდვები არ შეფერხებულა და პორტები სადღეღამისო რეჟიმში მუშაობენ. მაგრამ თუ კრიზისი ორ-სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, ლოგისტიკის ჯაჭვში მონაწილე კომპანიებს რეორგანიზება და მომწოდებლების მეტი დივერსიფიცირება მოუწევთ,- ამის შესახებ ლოგისტიკის ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი დობორჯგინიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში პანდემიით გამოწვეული გლობალური კრიზისის ფონზე ლოგისტიკის სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილეს.
გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ ლოგისტიკის გამართული მუშაობა, სადაც მოკლე პერიოდის მანძილზე გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია.
დობორჯგინიძის განმარტებით, ხარვეზები საქართველოსგან დამოუკიდებელი მიზეზებით შეიქმნა, თუმცა უკვე აღმოფხვრილია და საზღვარზე ტვირთები შეუფერხებლად მოძრაობს.
„დღეს საზღვრის კვეთის ოპერაციები პრაქტიკულად შეუფერხებლად მიმდინარეობს. თავიდან არსებობდა ბარიერები, რაც გამოწვეული იყო არა საქართველოს, არამედ ჩვენი მეზობლების მხრიდან. იგივე მძღოლების საკარანტინო რეჟიმში გადაყვანა. თუმცა დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრინციპში ეს პროცესები შეუფერხებლად მიმდინარეობს. საერთაშორისო გადაზიდვები არ შეფერხებულა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ პორტები. თუმცა საავტომობილი გადაზიდვებში თითონ ევროკავშირის მხრიდან არსებობს გარკვეული შეფერხებები რაც დამატებითი ბარიერები წარმოიქმნა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ქვეყნების შიგნით საზღვრების გაკონტროლება სწრაფად და მკაცრად მოხდა, ამან გარკვეული რიგები გამოიწვია. მაშინ, როცა კრიზისამდე პრაქტიკულად არ არსებობდა ამ ქვეყნებს შორის საზღვარი, დღეს მიმდინარეობს სატვირთო, საავტომობილო გადაზიდვებისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი, რაც საზღვრის კვეთის დროს შეფერხებას და მიწოდების ვადის ზრდას იწვევს“, – განაცხადა დობორჯგინიძემ.
მისი მოსაზრებით, მიუხედავად აღნიშნული უმნიშვნელო შეფერხებებისა, მოკლევადიან პერიოდში სურსათისა და პირველადი მოხმარების საგნების მიწოდების პრობლემა მოსალოდნელი არ არის. უსაფრთხო მიწოდებას ერთის მხრივ ქვეყანაში არსებული მარაგები და მეორეს მხრივ თავად მომწოდებელთა შეუფერხებელი მუშაობა უზრუნველყოფს. თუმცა თუ კრიზის მოსალოდნელზე მეტად გაგრძელდა, ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის რეორგანიზება აუცილებელი იქნება.
„მოკლევადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან შეფერხებებს არ ველოდებით. თუმცა თუ კრიზისი იმაზე მეტად გაგრძელდა, ვიდრე დაახლოებით ვარაუდობენ 2-3 თვეზე მეტს, როგორც ლოგისიტკის, ისე მიწოდების ჯაჭვის სფეროში მოღვაწე კომპანიებს რეორგანიზება მოუწევთ. ამ კომპანიებს მოუწევთ, შეძლებისდაგვარად შეამცირონ ერთ რომელიმე მწარმოებელზე დამოკიდებულება და ასევე მომწოდებლების მაქსიმალური დივერსიფიკაცია უნდა მოახდინონ“, – განუცხადა გიორგი დობორჯგინიძემ „ბიზნესპარტნიორს“.