გიორგი ცუცქირიძე - „თიბისი ბანკის“ მიმართ ზეწოლასა თუ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარი უადგილოა
გიორგი ცუცქირიძე - „თიბისი ბანკის“ მიმართ ზეწოლასა თუ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარი უადგილოა

საბანკო საკითხებში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ზეწოლასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი უადგილოა.

მისი თქმით, ახლა საქართველოში ბიზნესის, მათ შორის საბანკო სისტემის განვითარებისთვის საუკეთესო პირობებია, რაც აქამდე ყოფილა.

ექსპერტმა მაგალითად საბანკო სტატისტიკა მოიყვანა და აღნიშნა, რომ 2018 წლის მონაცემებით, ორი უმსხვილესი კომერციული ბანკის – „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკის“ წილი სისტემის მთლიან აქტივებში 73 პროცენტი, საკრედიტო პორტფელი კი, 71 პროცენტია, ხოლო წმინდა მოგების წილი სისტემის მთლიანი მოგების საშუალოდ 80 პროცენტს შეადგენს.

ცუცქირიძის თქმით, 2015-2018 წლებში „საქართველოს ბანკის“ აქტივების ხვედრითი წილი სისტემურ მაჩვენებელში 29 პროცენტიდან 35 პროცენტამდე გაიზარდა გაიზარდა, „თიბისი ბანკის“ აქტივების ზრდა კი, კიდევ უფრო მაღალი  იყო – 23 პროცენტიდან 37 პროცენტამდე, ანუ 14 პროცენტით. ექსპერტის შეფასებით, „თიბისი ბანკი“ ამ კუთხით ლიდერია ქართულ საბანკო სექტორში.

„ცალკე საკითხია, თუ რამდენად კარგია ეკონომიკისთვის ბაზრის ასეთი მაღალი კონცენტრაციის მაჩვენებელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საბანკო სისტემის აქტივები 2012-2018 წლებში ექვსჯერ არის გაზრდილი, ხოლო წმინდა მოგება შვიდჯერ. ამ ციფრებიდან გამომდინარე, მტკიცებითი ფორმით საუბარი ბიზნესის,  წამყვანი საბანკო დაწესებულებების „დაჩაგვრაზე“, ზეწოლასა თუ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, „იუკოსის“ მსგავს სცენარებზე, მით უმეტეს „თიბისი ბანკის“ მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, უადგილოა. პირიქით, ასეთი განვითარების პირობები, არც ბიზნესისთვის და არც საბანკო სისტემის ლიდერი ბანკებისთვის არასდროს ყოფილა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისი თქმით, სწორედ ბოლო წლებს უკავშირდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების განთავსება.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პროცესთან ანაკლიის პორტის თემის დაკავშირებაც უადგილოა.

„ამ პროცესში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თემაც ზედმეტად გამუქებულია“ – აცხადებს გიორგი  ცუცქირიძე.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

გუშინვეგანცხადება გაავრცელა მამუკა ხაზარაძემ, სადაც აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია „დენტონსმა“ (DENTONS) შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დაადგინა, რომ არათუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რამე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი. „დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის – ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან“, – ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.