მამუკა ხაზარაძე - არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, თავისუფლებას, ღირსებას, არ შევეგუებით უსამართლობას
მამუკა ხაზარაძე - არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, თავისუფლებას, ღირსებას, არ შევეგუებით უსამართლობას

არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით დავიცავთ „თი-ბი-სის“ და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ავრცელებს.

როგორც ხაზარაძე ამბობს, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია „დენტონსმა“ (DENTONS) შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დაადგინა, რომ არათუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

„უკვე რვა თვის განმავლობაში, „თი-ბი-სის“, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ეროვნული ბანკის დღევანდელი ბრძანებით დაგვირგვინდა. სები ითხოვს, ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით და დღეს უკვე წარმატებულ, საერთაშორისო, ლონდონში ბაზირებულ, მრავალმილიარდიან ორგანიზაციად იქცა. თიბისელთა გუნდი 10 000-მდე ადამიანს ითვლის და სიამაყითა და იმედით უყურებს მომავალს.

დღეს „თი-ბი-სი“, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს თანატოლია, ბიზნეს სამყაროში მსოფლიო დონისა და სტანდარტის მქონე კომპანიაა, ინსტიტუტია, რომლითაც ყველა ქართველს შეუძლია იამაყოს.

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია „დენტონსმა“ (DENTONS) შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დაადგინა, რომ არათუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას. არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით დავიცავთ „თი-ბი-სის“ და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში.

დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის – ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან.

კვლავაც იმედით ვუყურებ ჩვენს მომავალს და მადლობას ვუხდი ყველა თქვენგანს მხადაჭერისთვის“, – აღნიშნულია ხაზარაძის განცხადებაში.

ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს დღეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა.