გიორგი ჭირაქაძე - პრემიერისგან დავინახეთ მზაობა, ერთობლივად ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე თუ პრობლემაზე, რომელიც ბიზნესში არსებობს
გიორგი ჭირაქაძე - პრემიერისგან დავინახეთ მზაობა, ერთობლივად ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე თუ პრობლემაზე, რომელიც ბიზნესში არსებობს

ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რათა მიმდინარე და არსებული პრობლემები მოგვარდეს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ბიზნესასოციაციის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის არის ძალიან მჭიდრო, აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ჩვენ დღეს დავინახეთ პრემიერ-მინისტრისგან მზაობა, რომ ყველა იმ საკითხზე, პრობლემაზე, რომელიც ბიზნესში არსებობს, ერთობლივად ვისაუბროთ. სამწუხაროა ის ფაქტები, რაც გვესმის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არ წარმოადგენს მთლიანად ბიზნესის დიდი ნაწილის საკითხებს. ჩვენი მუშაობა ძალიან აქტიური იყო ყველა ხელისუფლების დროს“, – აღნიშნა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა.

გიორგი ჭირაქაძის თქმით, ბიზნესასოციაცია ხედავს ხელისუფლებისა და პირადად პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისგან აქტიურ ჩართულობას. მისივე თქმით, მამუკა ბახტაძეს აქვს სურვილი, პრობლემები მოისმინოს და დაინახოს.

„თანამშრომლობა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რათა მიმდინარე და არსებული პრობლემები მოგვარდეს, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ დღევანდელი შეხვედრით, რომ ბიზნესასოციაციისა და ხელისუფლების კომუნიკაცია არის ძალიან წარმატებული“, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ჰქონიათ თუ არა ბიზნესასოციაციაში „ომეგა ჯგუფის“ მსგავსი პრობლემა, გიორგი ჭირაქაძემ აღნიშნა, ასეთი შემთხვევა არ ჰქონიათ.

„ჩემთვის იყო ძალიან გასაკვირი, როცა მოვისმინე. ერთ რამეს გეტყვით – ნებისმიერი საკითხები და თემები როცა იარსებებს, უნდა წყდებოდეს სამართლებრივი გზით. ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი მრავალი წელია ვარ, მე ეგეთი შემთხვევა არ მქონია, არ გამიგია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, პრობლემები ბიზნესში არის და ბევრ ჩვენს ბიზნესმენს აქვს პრობლემა, ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ არსებობს დიალოგის ფორმატი. „ომეგა ჯგუფი“ ჩვენი წევრი არ არის. ვერ გეტყვით, კონკრეტულად „ომეგა ჯგუფში“ რა ხდება. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს შემთხვევაში ასეთი ზეწოლები ჩვენს ბიზნესთან არ გვინახავს“, – აღნიშნა გიორგი ჭირაქაძემ.