გიორგი ჭირაქაძე - ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც პოლიტიკოსები საბანკო სექტორზე განცხადებებს აკეთებენ
საბანკო სექტორი ქვეყანაში არის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი და მასზე საუბრისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა.
„არის ძალიან ბევრი თემები და საკითხები, რომლებიც მუდმივად მსჯელობის საგანია. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაფიქსირებდით, რომ საბანკო სექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი ქვეყანაში და დიდი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ამ სექტორთან მიმართებაში არის საუბარი“, – განაცხადა ჭირაქაძემ.
ამასთან, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, მას ძალიან კარგად ესმის ფინანსთა მინისტრის განცხადების სტარტაპებთან დაკავშირებით.
„ძალიან მკაფიოდ მესმის ფინანსთა მინისტრის, როდესაც ის საუბრობს სტარტაპებზე, რადგან სტარტაპების დაფინანსებაში თქვენ გაიგეთ ბანკის წარმომადგენლების მხრიდანაც, შეუძლებელია, ბანკი ისე იყოს ჩართული, როგორც ჩვენ ყველას გვინდა. ამას ორი მხარე აქვს.
მე ერთ რამეს გეტყვით, როგორც ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი, რომ საბანკო სექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი და ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებებს ამ სექტორთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა. მისი თქმით, საპროცენტო განაკვეთები, რაც საბანკო სისტემაშია, ბიზნესის დაწყების შესაძლებლობას არ იძლევა.