გიორგი ბოტკოველი - აუცილებლად დავაყენებთ საკითხს, რომ სააკაშვილის საქმეზე შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ვეცდებით, ხმები მოვიპოვოთ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები გამართეს.
მისივე თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ კომისიის შექმნის აუცილებლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ.
„ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დაწყებული გვქონდა მუშაობა და კონსულტაციებიც გვაქვს გამართული სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან. ამ ყველაფრის აუცილებლობაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმან, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელსაც ფაქტობრივად გამოძიება ჰქონდა დაწყებული მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებთან დაკავშირებით.
ამიტომ ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ საკითხს, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ვეცდებით, ხმები მოვიპოვოთ, რათა ამ კომისიამ დაიწყოს მუშაობა და ბოლომდე იქნას გამოძიებული ყველა ფაქტი, რომელიც მთელმა საქართველომ ნახა ბოლო პერიოდში. პირველ რიგში, ამ კომისიამ უნდა დაიწყოს მუშაობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებთან დაკავშირებით. კომისია უშუალოდ იმუშავებს ბოლო ფაქტებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
მან საგამოძეიებო კომისიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებაც არასერიოზულ განცხადებად შეაფასა.
„ნაკლებად მივიღებ სერიოზულად მის განცხადებას, როდესაც თვითონ ირაკლი კობახიძეც და ბევრი ხელისუფლების წარმომადგენელი ქილიკით იყო დაკავებული, როდესაც ვსაუბრობდით ჩვენ, რომ უნდა შექმნილიყო კომისია. ამიტომ მისი მხრიდან არასერიოზულია განცხადება. თუ ისინი მზად არიან, რომ მიიღონ მონაწილეობა, კი ბატონო, მაგრამ ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, უმრავლესობა უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, რომლმაც უნდა გამოკვეთოს ის ფაქტები, რომლებიც ვნახეთ“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.