გიორგი ბოტკოველი - თითოეული ადამიანის წასვლა გულსატკენია, მაგრამ ბოლო რვა-ცხრა თვეში ასეთი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია, ეს ერთგვარი პერფორმანსი ორ-სამ დღეში დასრულდება
გიორგი ბოტკოველი - თითოეული ადამიანის წასვლა გულსატკენია, მაგრამ ბოლო რვა-ცხრა თვეში ასეთი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია, ეს ერთგვარი პერფორმანსი ორ-სამ დღეში დასრულდება

„ნაციონალური მოძრაობიდან“ თითოეული ადამიანის წასვლა არის გულსატკენი, მაგრამ ბოლო რვა-ცხრა თვის განმავლობაში ამ ადამიანებისგან ასეთი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია, ზოგმა ორჯერ დატოვა პარტია, კასპის ორგანიზაციამ – ოთხჯერ, ეს ერთგვარი პერფორმანსი, რომელიც ახლა აქვთ, დასრულდება ორ-სამ დღეში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის წასვლა „ნაციონალური მოძრაობიდან“ არის გულსატკენი, მაგრამ ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, თუ სად იყოს, ვისთან ერთად იბრძოლოს, რა იდეით იბრძოლოს. რაც შეეხება ამ ადამიანების განცხადებებს, ეს მათგან უკვე არაერთხელ მოგვისმენია, მთელი რვა-ცხრა-ათი თვეა, ამ ყველაფერზე საუბრობენ. უკვე შეჯიბრებითობა ჩამოყალიბდა, ზოგმა ორჯერ დატოვა უკვე პარტია, ზოგმა – სამჯერ. მაგალითად, კასპის ორგანიზაციამ უკვე ოთხჯერ დატოვა პარტია. ერთგვარი პერფორმანსი აქვთ ახლა და ეს პერფორმანსიც დამთავრდება ორ-სამ დღეში, დასრულდება ეს ყველაფერი და ყველა თავის გზას ნახავს. მთავარი არის ერთი რამ: „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღიურად გაძლიერდეს, მეტი ახალი სახე შეემატოს, მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული, მეტი ინიციატივა იყოს და მთავარი მიზნისკენ გავსწორდეთ – ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ შიდა ბრძოლებით საერთოდ არ ვართ დაინტერესებულები, მაგრამ ამ ადამიანებს, თუ არჩევანი აქვთ მათ ასეთი, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს“, – აღნიშნა ბოტკოველმა.

რაც შეეხება მანდატებს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივნის თქმით, ეს ადამიანები თუ ფიქრობენ, რომ მანდატი არ ეკუთვნით, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ.

„მე ვერავის ვერაფერს ვერ მივუთითებ. ამ ადამიანებს მხოლოდ ერთ რამეს მივუთითებდი, რომ იმ გუნდური და საერთო ბრძოლიდან არ გამოსულიყვნენ, რომელი ბრძოლაც იდეაზეა დამყარებული და ემსახურება ქვეყნის განვითარებას, იმ ხელისუფლების დასრულებას, რომელი ხელისუფლებაც ამდენი წლის განმავლობაში ანგრევს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.