გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, „ევრონესტის“ ასამბლეაზე ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის გატანა თუ იგეგმებოდა
გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, „ევრონესტის“ ასამბლეაზე ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის გატანა თუ იგეგმებოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით რეზოლუცია, რომელიც „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა დაინიცირებულიყო, დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ არ იყო შეთანხმებული დელეგაციის სხვა წევრებთან.

„დელეგაციის ხელმძღვანელმა გაიტანა ეს რეზოლუცია და მას მხარი არ დაუჭირეს ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფოებმა. ეს რეზოლუცია არ იყო შეთანხმებული ყველა წევრთან. არ ყოფილა საუბარი და ჩვენ ერთად არ გვიმსჯელია, რომ ასეთი კონკრეტული რეზოლუცია გადიოდა. სამწუხაროა, რომ ეს კონკრეტული რეზოლუცია შედგა უკვე თავიდანვე ალბათ იმისთვის, რომ მხარი არ დაჭერილიყო და ამიტომ არ იყო კომუნიკაცია ჩვენთან. რა შედეგიც მივიღეთ, ეს არის საზიანო ჩვენი სახელმწიფოსთვის, პირდაპირ ვიტყვი“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის დაინიცირება ვერ მოხდა, რადგან ამაზე უარი განაცხადეს ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლება. ოპოზიციიდან დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.