გიორგი ანთაძე - დაწესებული სანქციების პირობებში თითოეული დღე რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს
გიორგი ანთაძე - დაწესებული სანქციების პირობებში თითოეული დღე რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს

დაწესებული სანქციების პირობებში თითოეული დღე რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს, – ასე უპასუხა „ჯეოქეისის“ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა, გიორგი ანთაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, აქვს თუ არა რუსეთს გრძელვადიანი ომის რესურსი.

„რაც მთავარია, დანაკარგების გათვალისწინებით, რა სურათიც უკვე იკვეთება, რუსეთს ხანგრძლივი, აქტიური საბრძოლო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობა გარკვეული დროის მერე არ ექნება. აქ იგულისხმება აქტიური შეტევითი მანევრული ოპერაციები დიდ გეოგრაფიულ არეალზე. თუმცა, თავდაცვითი ძალები და რესურსები მას ხანგრძლივად ეყოფა. აქედან გამომდინარე, კონფლიქტი შეიძლება, იყოს დროში გაწელილი, გაჭიანურებული და ხასიათი იცვალოს“, – განაცხადა ანთაძემ.

მისი თქმით, ბოლო დღეებია, ჩანს, რომ რუსეთი შეეცდება, დაკავებულ ტერიტორიებზე პოზიციები გაამყაროს.

„რუსეთმა დაკავებულ ტერიტორიებზე დაიწყო სანგრების თხრა და სხვადახვა თავდაცვითი ნაგებობების მოწყობა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ შეიძლება, გრძელვადიან პერიოდში ცდილობდეს ახლა უკვე მოპოვებულ ტერიტორიებზე გამაგრებას“, – განაცხადა ანთაძემ.

როგორც ანთაძემ აღნიშნა, რუსეთს ამჟამად არჩეული აქვს უკრაინისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების, მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმის სტრატეგია.

ჯეოქეისის“ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ომის დიპლომატიური გზით მოგვარების ვარიანტები ბევრი არ არის.

„რუსეთი თავის მოთხოვნებს არ თმობს. მას არც ერთი პუნქტი არ შეუცვლია და ამ პუნქტების აბსოლუტური უმრავლესობა მიუღებელია უკრაინისთვის/ შესაბამისად, აქ რეალურად, ოპცია არის ორი – ან უკრაინამ მოიკრიბოს ძალები, თუ აქვს შესაძლებლობა და გადამწყვეტი სამხედრო გამარჯვება მოიპოვოს, ან ეს კონფლიქტი მიიღებს გახანგრძლივებულ სახეს, სადაც უფრო დიდ გეოგრაფიულ არეალზე მივიღებთ დაახლოებით იმ სიტუაციას, რაც 2014 წლის მერე დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში იყო შექმნილი, როცა ასე ვთქვათ, პერმანენტული ფრონტის ხაზი ჩამოყალიბდა“, – განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც ხელშესახებად ჩანს, არის ის, რომ ძალიან დიდი რაოდენობით დაღვრილი უკრაინული სისხლის საფასური შეიძლება, გახდეს უკრაინის ნეიტრალიტეტი, თუმცა ეს ცალკე განხილვის საგანია, რადგან თავის მხრივ, ნეიტრალიტეტიც გარკვეულ გარემოებებს გულისხმობს, გარკვეულ მოლოდინებს აჩენს, თავის მხრივ, გარანტია არ არის და ბევრი სხვა ფაქტორი არსებობს.

„ეს გავლენას მოახდენს არა მარტო უკრაინის მომავალზე, არამედ რეგიონალურ პროცესებზე, დიდი ალბათობით, საქართველოსაც შეეხება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სასწორზე ასევე დევს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურა. შესაბამისად, რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური თუ პოლიტიკური, ხვალინდელი დღე არის ძალიან დიდი, გრძელვადიანი პოლიტიკური პოტენციური შედეგების მატარებელი“, – განაცხადა გიორგი ანთაძემ.