ადვოკატი - ლევან თოფაძემ გამოკითხვისას აღნიშნა, რომ დაზიანებები ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის დროს მიიღო
ადვოკატი - ლევან თოფაძემ გამოკითხვისას აღნიშნა, რომ დაზიანებები ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის დროს მიიღო

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის გამოკითხვა დასრულდა. თოფაძე მისი დაჭრის ფაქტის შემდეგ პირველად დაიკითხა. საგამოძიებო უწყება მას საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში კითხავდა.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიებას გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ დაზიანებები ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის დროს მიიღო. ადვოკატის თქმითვე, დაპირისპირება სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა.

გიორგი ანთაძის განცხადებით, ლევან თოფაძემ დაკითხვისას კატეგორიულად უარყო რომ ბუსა ჟვანიას რაიმე საგნით დაზიანება მიაყენა.

„მან აღნიშნა, რომ ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის დროს მიიღო დაზიანებები, თუმცა მას პირადად დანა ან რაიმე მსგავსი არ დაუნახავს, თუმცა შეხლა-შემოხლის ფაქტი დაადასტურა და ამის თაობაზე მისცა შესაბამისი ჩვენება. ბუსა ჟვანიასთან მას მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდა, მხოლოდ გამარჯობით იცნობდა და დაპირისპირება მოხდა სატელეფონო საუბრის შედეგად, ეს იყო უბრალოდ სიტყვიერი დაპირისპირება და მუქარა არ ყოფილა. მან დეტალურად მისცა ჩვენება, თუმცა ბრალდების მხარე თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით დაზუსტებაა საჭირო, ეს ალბათ მოხდება. შეუმსუბუქდება თუ დაუმძიმდება ბრალი, ეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებსა და სასამართლოზეა დამოკიდებული. გამოძიების მხრიდანაც იყო ეს შეკითხვა დასმული, თუმცა მან კატეგორიულად უარყო, რომ ჟვანიას რაიმე საგნით დაზიანება მიეყენებინა. როდესაც შედგა სატელეფონო საუბარი იქ გაჟღერდა გოგოს სახელი და გვარი, თუმცა ეს არსებითი არ არის ამ საქმეში.

ჯანმრთელობის მდგომაროება მიუხედავად იმისა, რომ სტაბილურია დღეის მდგომარეობით საკმაოდ მძიმეა”, – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ანთაძემ.

ლევან თოფაძე 2 აგვისტოს თბილისში დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია, რომელსაც ასევე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. ჟვანიას ბრალდება წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.