გიორგი აბაშიშვილი - შეწყალება-დაჯილდოების დეპარტამენტში ბევრი საინტერესო მასალა იქნება, უმრავლესობის წევრებიდან მოწერილ თხოვნებსაც ვგულისხმობ
შეწყალების თემა აბსურდული, თითიდან გამოწოვილი შავი პიარია, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა პირველი არხის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შეწყალების საკითხს ეხებოდა.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა პირველი არხის ეთერში აღნიშნა, შეწყალების საკითხი არის შავი პიარის ძირითადი ღერძი.
„რამოდენიმე მიმართულებით არის შავი პიარი, მაგრამ ძირითადი დამრტყმელი თემა არის ხოლმე შეწყალება. ბუნებრივია, მესიჯების ცვლილება უჭირთ, პოზიციებს რომ ადვილად იცვლიან, მესიჯების ცვლილება უფრო უჭირთ ხოლმე, ამიტომ დატოვეს ეს შეწყალება და მიდიან ბოლომდე ამ გზით. არის აბსოლუტურად აბსურდული, თითიდან გამოწოვილი შავი პიარი. მე მათ ვურჩევდი, რომ ეს საკითხი უფრო მეტად განავითარონ. შეწყალება-დაჯილდოების დეპარტამენტში ვეპატიჟები მათ, რომ მეტი ინფორმაცია გადავცე, ეს შავი პიარი ცოტა მეტად გაამდიდრონ, იქნებ უფრო მეტად დამაჯერებელი იყოს, რადგან უხერხულია, რამდენიმე თვე ერთი და იგივე მესიჯებით ილაპარაკო. ამ დეპარტამენტში ბევრი საინტერესო მასალა იქნება მათთვის, მათ შორის უმრავლესობის წევრებიდან მოწერილ თხოვნებსაც ვგულისხმობ ცხადია”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.