გიორგი აბაშიშვილი - იმდენად სტაბილურად მიდის საქართველო კრიზისის ზღვარზე, რომ ერთმანეთის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გარდა, არაფერი მოგვეთხოვება
მთავარი, რასაც ვხედავ და მინდა გაგრძელდეს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არის კონსტრუქციული თანამშრომლობა, თითქმის სრული ურთიერთგაგება ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. რაც შეეხება ბიზნესსა და დასაქმებულების ურთიერთობას, აქ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა გამოდის წინა პლანზე და აქაც ორმხრივი ურთიერთგაგებაა საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა, ბიზნესადმინისტრირების დოქტორმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემის მსვლელობისას განაცხადა.
გადაცემაში კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო დაწესებულებათა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებული პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს.
მთავარი საკითხის განხილვამდე, აბაშიშვილმა კორონავირუსის მიერ გლობალურ ეკონომიკაში შექმნილ ზოგად პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც გლობალური ეკონომიკის ნაწილი, იმავე რისკების წინაშე დგას, რაც დღეს მსოფლიო ეკონომიკას აწუხებს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ პრობლემებიდან ერთ-ერთი მთავარი საკითხია სამუშაო ადგილების შენარჩუნება შემცირებული ეკონომიკური აქტივობის ფონზე. აბაშიშვილის მოსაზრებით, ამ კუთხით სასურველია, რომ ბიზნესი და დასაქმებულები ისეთივე ურთიერთგაგებით მოეკიდონ ერთმანეთს, რის მაგალითსაც მოცემულ ეტაპზე მთავრობისა და ბიზნესის კონსტრუქციული თანამშრომლობა იძლევა.
„რთული ვითარებაა, ძალიან ძნელია მარტივ გამოსავალზე საუბარი, მაგრამ მთავარი, რასაც ვხედავ და მინდა, ასე გაგრძელდეს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არის ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. თითქმის სრული ურთიერთგაგებაა. ბიზნესი რა საკითხებსაც აყენებს, სახელმწიფო შეძლებისდაგვარად ცდილობს მათ გათვალისწინებას. მე ჯერჯერობით ვერ ვნახე საკითხი, რომელიც გადაუჭრელია, რომელიც ბიზნესმა დააყენა და ამა თუ იმ ფორმით არ გადაიჭრა. ცხადია, 100 პროცენტით საკითხები ვერცერთ მხარეს ვერ გადაწყდება, მაგრამ ამ ეტაპისთვის მე კოორდინაციას ვხედავ. ახლა მთავარია, რომ ეს ასე გაგრძელდეს. რაც შეეხება ბიზნესისა და დასაქმებულების ურთიერთობას, ცხადია აქ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა გამოდის წინა პლანზე და ჩვენ კიდევ ერთი ტესტი გველოდება ჩასაბარებლად. ისე, როგორც ახლა სახელმწიფო და ბიზნესი ახერხებენ ურთიერთობას, ასე უნდა მოახერხონ ურთიერთობა ბიზნესმა და დასაქმებულებმა. აქაც ურთიერთგაგებაა საჭირო. ბიზნესმა მაგალითი უნდა აიღოს, როგორ ექცევა მას სახელმწიფო და დასაქმებულმა მაგალითი ბიზნესისგან აიღოს, როგორ მოქმედებს ის სახელმწიფოსთან გარკვეული კომპრომისებით“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი განმარტებით, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზე დამოკიდებული, თუ რამდენად ღირსეულად დაძლევს ქვეყანა კრიზისს.
„თითოეულ ჩვენგანზე, თითოეულ მოქალაქეზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არის. იმდენად სტაბილურად მიდის საქართველო ამ კრიზისის ზღვარზე, რომ ერთმანეთის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გარდა, არაფერი მოგვეთხოვება. ეს ნიშნავს, რომ ერთმანეთი გავამხნევოთ და არ ვუბიძგოთ პანიკისკენ. მე ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენ ვისაუბრებთ, როგორ კარგად დავძლიეთ კრიზისი“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.