გიგა ბოკერია - ჟენევის მოლაპარაკებებსა და სხვა ფორმატებში ერთი და იმავე სტატუსის ადამიანები უნდა იყვნენ ჩართულნი
გრიგორი კარასინს თუ სტატუსი არ აქვს და ისე არის მოჩენილი, ეს არანორმალური ვითარებაა, წესით, ერთი და იმავე სტატუსის ადამიანები უნდა იყვნენ ჩართულნი როგორც ჟენევის მოლაპარაკებებში, ასევე სხვა ფორმატებში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ „საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, რწმენა, როგორ უნდა წაიყვანოს დიპლომატიური ბრძოლა რუსეთთან, იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთი დღესაც ყოველდღე ამძიმებს საოკუპაციო ხაზთან ვითარებას და არის მთავარი საფრთხე ჩვენი თავისუფლებისთვის“.
„ეს არის პრობლემა და არა ის, ვინ იქნება რუსეთიდან მთავარი წარმომადგენელი. ამას სჭირდება ამ ხელისუფლების გამოცვლა მშვიდობიანად, არჩევნების გზით, რაც ერთ წელში აუცილებლად მოხდება. რაც შეეხება კარასინის საკითხს, აქ უბრალოდ დიპლომატიური პრობლემაა, თუ მას სტატუსი არ აქვს და ისე არის მოჩენილი, ეს არანორმალური ვითარებაა და წესით და რიგით, ერთი და იმავე სტატუსის ადამიანები უნდა იყვნენ ჩართულნი, როგორც ჟენევის მოლაპარაკებებში, ასევე სხვა ფორმატებში. უნდა გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ქვეყანას დაიცავს დიპლომატიურ ასპარეზზე. ივანიშვილის გუნდს ეს არ შეუძლია და არ უნდა“,- აღნიშნა ბოკერიამ.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან დიალოგს კვლავ გრიგორი კარასინი გააგრძელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.
ამასთან, ზურაბ აბაშიძე ვარაუდობს, რომ პრაღის ფორმატში კარასინთან მორიგი შეხვედრა ნოემბრის ბოლოს გაიმართება. კითხვაზე, რა მანდატით ჩაერთვება გრიგორი კარასინი ფორმატში მას შემდეგ, რაც ის აღარ იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს, აბაშიძემ აღნიშნა, რომ კარასინი არის ფედერაციის საბჭოს წევრი, სენატორი და მას ქვეყნის ხელმძღვანელობამ დაავალა ამ მისიის შესრულება.