გიგა ბოკერია - ამ რეჟიმის შეცვლის გარეშე ვერაფერი გვიშველის, ვერც კანდიდატის სტატუსი
გიგა ბოკერია - ამ რეჟიმის შეცვლის გარეშე ვერაფერი გვიშველის, ვერც კანდიდატის სტატუსი

ამ რეჟიმის პროდასავლური, პროქართული ხელისუფლებით შეცვლის გარეშე ჩვენ ვერაფერი გვიშველის, ვერც კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიამ მოუწოდა საზოგადოებას ერთად მუშაობისკენ, რათა ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანონ.

„ჩვენ ოპოზიციის უდიდესი ნაწილის დისკუსიას თვალყურს ვადევნებთ. ეს დისკუსია საზიანოა ქვეყნის ინტერესებისთვის, რადგან წარმოადგენს საჩუქარს ივანიშვილის პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის პროპაგანდისთვის. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია თავიდანვე ძალიან მკაფიო იყო, განსხვავებით ოპოზიციის უდიდესი ნაწილისგან.  ქვეყნის უმრავლესობის მყარი პოზიციაა ჩვენი ისტორიული არჩევანი, რომ ვართ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ამ ისტორიულ მონაკვეთში ჩვენი ამოცანაა, ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობით, რომელიც იხსნება და გავითვალისწინოთ არსებული საფრთხეები. ხელისუფლებას, ივანიშვილის რეჟიმს ერთადერთი ამოცანა აქვს, ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, ქვეყნის ინტერესების ღალატის ფასადაც კი. ნატო-ში გაწევრიანებას, ევროკავშირთან დაახლოებას, ამერიკასთან თანამშრომლობას სჭირდება მთავრობა, რომელსაც ეს ამოცანა გააჩნია და რისთვისაც ეფექტურად მუშაობს. ესეც შეიძლება, არ იყოს საკმარისი, სხვა გარემოებამაც თუ არ შეგიწყო ხელი. დღეს ჩვენ ასეთი მთავრობა არ გვყავს. კანდიდატის სტატუსი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, მაგრამ მხოლოდ ინსტრუმენტი. ამოცანა კანდიდატობა კი არა, წევრობაა.

რეჟიმის პროდასავლური, პროქართული ხელისუფლებით შეცვლის გარეშე ჩვენ ვერაფერი გვიშველის, ვერც კანდიდატის სტატუსი. თავის მართლება და გულზე მჯიღის ცემა – მეც მინდა სტატუსი, არის ან თავის მოტყუება, ან აყოლა პოპულიზმში პუტინისტური ხელისუფლების პროპაგანდისთვის. რეალურად, ოპოზიციას არ აქვს გავლენა ამ პროცესზე. გავლენა ექნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ რეფორმა მიდის ქვეყანაში და მისი როლი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში იქნებოდა. ეს ასე არ არის. ჩვენ უნდა მოვამზადოთ საზოგადოება, რათა კანდიდატის სტატუსი თუ მივიღეთ, არ მოტყუვდეს საზოგადოების ნაწილი იმით, რომ ივანიშვილის რეჟიმის გამოცვლა აღარ არის ისეთი აუცილებელი. თუ ვერ მივიღეთ, მაშინ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ არის ტრაგიკული, თუ ჩვენ შემდეგი არჩევნებისას შეცვლით ამ ხელისუფლებას, მაშინ კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ, გაწევრიანების პროცესსაც დავიწყებთ და ნატო-ში გაწევრიანების ამოცანას ​რეალურად დავუახლოვდებით. არგუმენტი, რომ პუტინისტური ხელისუფლების პირობებშიც კი, სტატუსი რამისგან გვიცავს, სრული აბსურდია.

მოვუწოდებ საზოგადოებას, „ევროპული საქართველოს“ გზავნილს ვიმეორებ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა ამ ჭაობიდან ამოვიყვანოთ და ამას სჭირდება ივანიშვილის რეჟიმის გამოცვლა. მხოლოდ ამის შემდეგ და მხოლოდ ამასთან ერთად იქნება შესაძლებელი იმ ისტორიული ამოცანის მიღწევა, რასაც ქვეყნის თავისუფლება, უსაფრთხოება, ევროპულ წიაღში დაბრუნება და წარმატებულ ქვეყნად გახდომა ჰქვია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, ევროკავშირის სტატუსს ვინ ეწინააღმდეგებოდა, ბოკერიამ განაცხადა:

„ეს დისკუსია, ეს ცრუ დილემა არის მახე, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდამ დააგო და ამ მახეში გააბა ყველა ის, ვისაც ახლა ადანაშაულებენ და ისინი, ვინც ახლა რაღაც მამხილებლის როლშია. თვითონ დილემა არის არასწორი“.