იაგო ხვიჩია - მიკვირს, პატარ-პატარა „ნაცური“ პარტიები რომ მიშას ფაქტორს უგულებელყოფენ, ბოკერიას გზაც არსებობს, მაგრამ ხედავთ, სად მიიყვანა ამან გიგი წერეთელი და კაკო ბობოხიძე
იაგო ხვიჩია - მიკვირს, პატარ-პატარა „ნაცური“ პარტიები რომ მიშას ფაქტორს უგულებელყოფენ, ბოკერიას გზაც არსებობს, მაგრამ ხედავთ, სად მიიყვანა ამან გიგი წერეთელი და კაკო ბობოხიძე

მგონი, პატარ-პატარა „ნაცურ“ პარტიებს ცალ-ცალკე არანაირი შანსი არ აქვთ, მხოლოდ ის პარტია გადალახავს ბარიერს, რომელსაც მიშა სააკაშვილი დაუჭერს მხარს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ახლა მიდის ვაჭრობა, სადაც ყველა დაადგენს, რა ფასად შეუერთდეს მიხეილ სააკაშვილს.

„პატარ-პატარა პარტიები რაღაცნაირად უნდა შეგროვდნენ და უკან დაბრუნდნენ „ნაცებში“. მათი ერთ ქოლგაში მოქცევა მხოლოდ მიშა სააკაშვილს შეუძლია, რადგან მას ჰყავდა ყველა თავისთან. წარმოიდგინეთ, ამას დამატებული ჰყავდა ჩერგო, ბოკერია და სხვა ნაცანასხლეტები. ცალ-ცალკე ყველა ხვდება, რაც ბოკერიას დაემართა, ის დამართება მიშას გარეშე. მგონია, რომ ახლა მიდის ვაჭრობის პროცესი, სადაც ყველა დაადგენს ფასს, რა ფასად შეუერთდეს მიშას. მიშას იქით ამ ხალხს სხვა გზა არ გაჩნიათ, არასოდეს გამოუვათ არც რაიმე თანამშრომლობა და არც რაიმეზე შეთანხმება, რადგან ერთადერთი, რაც მათ აერთიანებდათ, იყო მიშა.

მაგალითად, „ლელო“ ძალიან გააძლიერებდა მიშას თავისი ფულით. შესაბამისად, რა მიზანიც „ლელოს“ აქვს, რომ პარლამენტში რამდენიმე ადამიანი გაიყვანოს, შეიძლება, ამაზე მიშას ბევრად უკეთ მოელაპარაკონ, ვიდრე ქართველ ხალხს. ჩემი აზრით, როცა ქართველ ხალხთან 20 მილიონი დახარჯე და ორი კაცი გიზის პარლამენტში, მიშას ბევრად ეფექტურ მოელაპარაკები. რაც შეეხებათ გახარიებს, ისინი, შესაძლოა, მხოლოდ „ქოცებს“ მოელაპარაკონ და ელაპარაკებიან კიდეც ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ის არ იკარებს. ბიძინას ბრალდებას, რომ მოღალატეები არიან, ესენი იმით პასუხობენ, რომ მოღალატე კობახიძეა, რაც ბიძინასთან შერიგების მცდელობაა. უბრალოდ, არ გამოსდით, თუმცა გახარია მცდელობას არ აკლებს. ძალიან მიკვირს, რომ უგულებელყოფენ მიშას ფაქტორს. ძალიან მიკვრის, რატომ ჰგონიათ, რომ მიშას გარეშეც ისევე იმოძრავებენ ნაცამომრჩეველთან, როგორც მიშათი მოძრაობდნენ. კი, ბოკერიას გზა არსებობს, მაგრამ სად მიიყვანა ამან გიგი წერეთელი და კაკო ბობოხიძე, ხედავთ, თორემ ბოკერია თავიდანვე იმ გზაზე იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.