გია ყანჩელის სახელობის ბაღში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საკონცერტო დარბაზი გაიხსნა [ფოტო]
გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღში, ახლად რეაბილიტირებულ შენობაში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საკონცერტო დარბაზი გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის წევრები და ანზორ ერქომაიშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
გახსნის წინ ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა“ ხალხური სიმღერები შეასრულა.
„დღეს 31 მაისია. დღეს „მართვეს“ დაბადების დღეა და ეს დღე შევარჩიეთ, რათა მორიგჯერ მივაგოთ პატივი დიდ ქართველ მოღვაწეს, ანზორ ერქომაიშვილს. მის სახელს ვანიჭებთ შუაგულ დედაქალაქში, თბილისში, გია ყანჩელის ბაღში, არტოს ბაღი რომ ერქვა ჩვენს ბავშვობაში, აქ განთავსებულ იმ უნიკალურ შენობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ აღადგინა. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს ყველა წინამორბედ მინისტრს, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა, საქართველოს მთავრობას და ვთქვა, რომ ამიერიდან, უკვე დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, ამ შენობას გია ყანჩელის ბაღში ეწოდება ანზორ ერქომაიშვილის სახელი და რა თქმა უნდა, სიმბოლურია, რომ ეს სკვერი გახდება დიდი ქართველი მოღვაწეების, დიდი ქართველი ადამიანების სახელობის ადგილი, სადაც მომავალი დიდი ქართველები გაიზრდებიან, ქალები და კაცები, რომლებიც დღეს გოგო-ბიჭები არიან და აგრძელებენ ანზორ ერქომაიშვილის საქმეს, ინარჩუნებენ ქართულ მრავალხმიანობას, ინარჩუნებენ ქართულ ცეკვას და ფოლკლორს , რის გარეშეც, რა თქმა უნდა, არ არსებობს ქართული თვითმყოფადი კულტურა“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მასთან, დედაქალაქის საკრებულოს ხელმძღვანელის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას უახლოეს პერიოდში ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება.