გია ვოლსკი - უმჯობესია, პრეზიდენტმა ქვეყანას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ახალი კონსტიტუციის შესაბამისად არჩევის საშუალება მისცეს
გია ვოლსკი - უმჯობესია, პრეზიდენტმა ქვეყანას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ახალი კონსტიტუციის შესაბამისად არჩევის საშუალება მისცეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, გონივრული ნაბიჯი გადადგას და ქვეყანას საშუალება მისცეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ახალი კონსტიტუციის შესაბამისად აირჩიოს.

პირველი არხის კითხვაზე – იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს წარუდგენს, „ქართული ოცნება“ დაუჭერს თუ არა მას მხარს, ვოლსკი პასუხობს, რომ  გააჩნია, ვინ იქნება კანდიდატი.

დეპუტატის თქმით, პრეზიდენტს კანდიდატის წარდგენის კონსტიტუციური უფლება აქვს, მაგრამ გარკვეული ლოგიკა არსებობს იმაშიც, რომ წამსვლელმა პრეზიდენტმა შესაძლოა, წარდგენისგან თავი შეიკავოს და გონივრული ნაბიჯი გადადგას.

„მარგველაშვილს წარდგენის კონსტიტუციური უფლება აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ უმჯობესია, გონივრული ნაბიჯი გადადგას და ქვეყანას ახალი კონსტიტუციის რედაქციის წარმართვის უფლება მისცეს. ეს იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და კარგი“, – აცხადებს დეპუტატი.

ვოლსკი თანამდებობიდან ნინო გვენეტაძის გადადგომასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ მისი პოსტიდან წასვლაში ბრალი ხელისუფლებას ან მის გარემოს მიუძღვის, უსაფუძვლოა.

„შელაპარაკების ის კადრები აჩვენეს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოხდა. აუცილებელი არ არის, ეს ერთმანეთს დავაკავშიროთ. ნურავინ იტყვის და თავს ნუ გამოიდებს, რომ შეუძლია, მაინც და მაინც საექიმო დასკვნა დადოს და გადადგომის ეს მიზეზი არასარწმუნოდ დაასახელოს. როცა გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საფუძველი არ უნდა გვქონდეს, ამაში ეჭვი შევიტანოთ. სკანდალის შექმნის მცდელობა არასწორია. გამორიცხულია, მყარად მდგარ თანამდებობის პირს, რომელსაც პოსტზე ყოფნის ათწლიანი გარანტია აქვს, ხელისუფლებამ მუშაობაში ხელი არ შეუწყოს და პირიქით, ხელი შეუშალოს. ეს მოგონილი ამბავია. ნინო გვენეტაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მასხრად არ უნდა ავუგდოთ და ამ თემაში ის კითხვის ნიშნები არ უნდა შემოვიტანოთ, რაც პიროვნულ დამცირებაში გადადის“, – დასძენს ვოლსკი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა.

დატოვე კომენტარი