გია ვოლსკი - შედეგები, რომლებიც უსაფრთხოების თვალსაზრისით გვაქვს, საშუალებას გვაძლევს, ეკონომიკური ზრდა უზრუნველვყოთ, დარწმუნებული ვარ, პრემიერი კომპეტენტური პასუხებით მოვა პარლამენტში
გია ვოლსკი - შედეგები, რომლებიც უსაფრთხოების თვალსაზრისით გვაქვს, საშუალებას გვაძლევს, ეკონომიკური ზრდა უზრუნველვყოთ, დარწმუნებული ვარ, პრემიერი კომპეტენტური პასუხებით მოვა პარლამენტში

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა სამი ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურისა და ხათუნა სამნიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ინტერპელაციის წესით ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში იბარებენ.

გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ პრემიერი კომპეტენტურ პასუხებს გასცემს კითხვებს, რომლებიც ოპოზიციონერ დეპუტატებს სხვადასხვა საკითხის გარშემო აქვთ.

„სპეკულაციური სიტყვაა – ეშინიათ. ამ სიტყვას ხშირად იყენებენ იმ პოლიტიკურ სპეკულაციებში, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს და ადამიანებს ახასიათებთ. საკითხს ისე კი არ უნდა მივუდგეთ, უნდა გვეშინოდეს თუ არა, არამედ ფრთხილად უნდა ვიყოთ თუ არა და საჭიროა თუ არა ასეთი დოკუმენტების გამოქვეყნება მაშინ, როცა ჰააგის ტრიბუნალი გვაქვს და სტრასბურგის სასამართლო გვაქვს რუსეთთან მოგებული. ადამიანები, რომლებმაც თავისი დანაშაულებრივი შეცდომების გამო საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარეს, დღეს ცდილობენ, თავისი თავის რეაბილიტაცია მოახდინონ? არსებობს ასეთი კანონი, იმსჯელე შედეგების მიხედვით. შედეგები, რომლებიც დღეს საქართველოს აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით, რეალურია, რაც საშუალებას გვაძლევს, ეკონომიკური ზრდა უზრუნველვყოთ და სოციალური პაკეტები გავაუმჯობესოთ მაშინ, როცა საქართველოს გარშემო ცეცხლის ალი ტრიალებს. ეს არის რეალობა და ამ რეალობის შიგნით რა პროცესები მიმდინარეობს, პასუხს არ გავცემ. დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ საკითხზე კომპეტენტური პასუხებით მოვა პარლამენტში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის წევრები, თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და ხათუნა სამნიძე ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებენ. როგორც პრესკონფერენციაზე აქუბარდიამ განაცხადა, კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა თუ ნატო-სთან აღებული ვალდებულებების მიუხედავად, საქართველოს დღემდე არ აქვს განახლებული ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტები – ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და ეროვნული თავდაცვის სტრატეგია. მისი თქმით, ამავდროულად, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დამგეგმავი და მაკოორდინირებელი ორგანოს – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში არ ხდება კანონით გათვალისწინებული საკითხების რეგულარული განხილვები.