გია ვოლსკი - სემ პატენი მუშაობდა მიხეილ სააკაშვილთან, თავს მოიხსენიებს, როგორც მისი პარტიის „ჩრდილოვან მენეჯერს“
გია ვოლსკი - სემ პატენი მუშაობდა მიხეილ სააკაშვილთან, თავს მოიხსენიებს, როგორც მისი პარტიის „ჩრდილოვან მენეჯერს“

ამერიკელი ლობისტი სემ პატენი მუშაობდა მიხეილ სააკაშვილთან, იგი თავს მოიხსენიებს, როგორც მისი პარტიის „ჩრდილოვან მენეჯერს“,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ლობისტური საქმიანობა უკანონობას არ წარმოადგენს, მაგრამ, ვიცე-სპიკერის განცხადებით, ეს საქმიანობა მკაცრად ლიმიტირებულია და დადგენილ წესებს უნდა ექვემდებარებოდეს.

„ნურავინ წარმოიდგენს, რომ ლობისტური საქმიანობა უკანონობას წარმოადგენს, მაგრამ ეს საქმიანობა მკაცრად ლიმიტირებულია და დადგენილ წესებს უნდა ექვემდებარებოდეს. არ შიძლება, რომ ადამიანი ლობირებას უწევდეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდს და ამის თაობაზე არ ჰქონდეს ოფიციალურად განცხადებული, მით უმეტეს, არ ჰქონდეს შემოსავალი დაფიქსირებული და ხელშეკრულების გარეშე ახორციელებდეს ამ საქმიანობას.

სემ პატენი მუშაობდა მიხელ სააკაშვილთან როგორც ლობისტი და უფრო მეტიც, იგი თავს მოიხსენიებს როგორც ამ ლიდერის და მისი პარტიის „ჩრდილოვან მენეჯერს“.

ახლახანს გამოვლინდა რომ ამ ადამიანმა ლობისტობა გაუწია იანუკოვიჩთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პირებს და 50 000 დოლარის საფასურად მოსაწვევები „გაუჩარხა“ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე. რასაც სკანდალი მოჰყვა, რადგან ეს თემა არ იყო ოფიციალურად დეკლარირებული. აქედან გამომდინარე, კითხვები გაჩნდა სააკაშვილის მიმართაც, თუ მუშაობდა მასთან და რა პერიოდში“,- განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატი პატენის კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ კავშირზეც საუბრობს.

„რაც შეეხება ამ ადამიანის ჩვენთან კავშირს, აღნიშნული პიროვნება, მას მერე რაც სააკაშვილთან ლობისტური საქმიანობა დაასრულა, მუშაობდა ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის „თავისუფალი დემოკრატებისთვის“. კოალიციის შექმნის შემდეგ, სადაც გაერთიანდნენ „თავისუფალი დემოკრატები“ და მათთან ერთად ჩვენს პოლიტიკურ გუნდს დაუკავშირდა სემ პატენიც, როგორც პოლიტიკური ლობისტი და განსხვავებით სააკაშვილისგან, ჰქონდა კონტრაქტი და შესაბამისი ანაზღაურებას, თუმცა ეს კონტრაქტი ძალიან მალე დამთავრდა“,- განაცხადა ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილი CNN-თან საუბარში აცხადებს, რომ ამერიკელი პოლიტიკური კონსულტანტი სემ პატენი აშანტაჟებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, სემ პატენი 2011-2012 წლებში საქართველოში ჩამოვიდა და ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა. СNN-ის ჟურნალისტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პატენის შესახებ ეკითხება და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამერიკელი კონსულტანტი წარსულში სააკაშვილისთვის მუშაობდა.

სემ პატენმა მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას პირველ არხთან საუბრისას უპასუხა.

ამასთან, კოალიცია „ქართული ოცნების“ საერთაშორისო-პოლიტიკური ჯგუფის ყოფილმა წევრმა, გიორგი გეგეჭკორმა განაცხადა, რომ სემ პატენი არანაირ მნიშვნელოვან მონაწილეობას არ იღებდა ჯერ კიდევ ახლად შექმნილი კოალიციის საქმიანობაში, განსაკუთრებით, საერთაშორისო ასპარეზზე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, სემ პატენი „ქართულმა ოცნებამ“ იმის გამო დაითხოვა, რომ ის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ჩრდილოვანი მენეჯერი იყო.

შეგახსენებთ, რომ სემ პატენს აშშ-ის პროკურატურამ 31 აგვისტოს ბრალი წაუყენა. პატენმა აღიარა, რომ უკრაინელი ოლიგარქისგან მიღებული 50 000 დოლარი უკანონოდ გადარიცხა დონალდ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტში და სანაცვლოდ ტრამპის ფიცის დადების ცერემონიაზე დასასწრები ბილეთები მიიღო.