მიხეილ სააკაშვილი - ამერიკელი ლობისტი სემ პატენი მაშანტაჟებს
მიხეილ სააკაშვილი - ამერიკელი ლობისტი სემ პატენი მაშანტაჟებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ამერიკელი ლობისტი აშანტაჟებს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა CNN-ის ეთერში ისაუბრა.

საქმე ეხება ამერიკელ პოლიტიკურ კონსულტანტ სემ პატენს, რომელსაც აშშ-ის პროკურატურამ 31 აგვისტოს ოფიციალურად წაუყენა ბრალი. პატენი გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა და სასამართლოში დაადასტურა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსისგან მიღებული 50 000 დოლარი დონალდ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტში გადარიცხა. ამ თანხის სანაცვლოდ მან ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრები ოთხი ბილეთი მიიღო, რომელიც უკრაინელი ბიზნესმენისთვის იყო განკუთვნილი. პატენმა აღიარა, რომ დაარღვია კანონი და ეს არ დარეგისტრირდა უცხო ქვეყნის ლობისტად, როგორც ამას აშშ-ის კანონმდებლობა ითვალისწინებს.

პატენმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს სპეციალურ პროკურორ რობერტ მიულერთან, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის კრემლთან კავშირების საქმეს იძიებს.

როგორც СNN-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, სემ პატენი 2011-2012 წლებში საქართველოში ჩამოვიდა და ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა.

СNN-ის ჟურნალისტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პატენის შესახებ ეკითხება და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამერიკელი კონსულტანტი წარსულში სააკაშვილისთვის მუშაობდა.

„პატენი ჩვენთვის ძალიან მოკლე ხნის განმავლობაში მუშაობდა და ჩვენ მოგვიწია უარი გვეთქვა მის სამსახურზე. თუმცა, შემდეგ მოხდა ისე, რომ 2011 წელს პატენი დაბრუნდა საქართველოში და ის იყო რუსეთის მიერ ორკესტირირებული ოპერაციის მონაწილე, რომელიც „გაზპრომთან“ დაკავშირებულ ოლიგარქს ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმარა.

როგორც მე ვიცი, საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა პოლ მანაფორტიც. პატენი ჩართული იყო პრორუსული პროპაგანდის გავრცელებასა და სხვადასხვა ბინძურ მანიპულაციებში. გარდა იმისა, რომ ის დაეხმარა რუსებს საქართველოში ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში, მნიშვნელოვნად დააზიანა აშშ-ის ეროვნული ინტერესები რეგიონში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე ამტკიცებს, რომ პატენი მისი ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს დაუკავშირდა და მისი დაშანტაჟება სცადა.

„დღეს სემ პატენმა მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ჩემი ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს. ახლა შემიძლია, ეს ტექსტი წაგიკითხოთ: „შეაჩერეთ თქვენი ტროლები. წინააღმდეგ შემთხვევაში მე დავიწყებ მასალების გამოქვეყნებას მიშაზე. მას უნდა ერჩივნოს, რომ ეს არ გავაკეთო“. მან იცის, რაზეც ვსაუბრობ. ეს გახლავთ პირდაპირი მუქარა და შანტაჟი. ეს არის რუსებისთვის დამახასიათებელი შანტაჟი. ამ ხალხს ძალიან ახლო კავშირები აქვთ რუსებთან. ეს ხალხი დაიქირავეს და ისინი მზად არიან, ყველა ბინძური მეთოდი გამოიყენონ, რათა აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილმა.