ზვიად ძიძიგური - სემ პატენი „ქართულმა ოცნებამ“ იმის გამო დაითხოვა, რომ ის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ჩრდილოვანი მენეჯერი იყო
ზვიად ძიძიგური - სემ პატენი „ქართულმა ოცნებამ“ იმის გამო დაითხოვა, რომ ის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ჩრდილოვანი მენეჯერი იყო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ამერიკელ პოლიტიკურ კონსულტანტ სემ პატენს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ჩრდილოვან მენეჯერს უწოდებს.

ძიძიგური დეტალურად იხსენებს, რა აკავშირებდა სემ პატენს „ქართულ ოცნებასთან“ წლების წინ.

„მაშინ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ვიყავი და სემ პატენი იყო კონსულტანტი საგარეო საკითხებში. ის ალასანიას უწევდა ძირითადად კონსულტაციას და აქედან გამომდინარე აღმოჩნდა „ქართულ ოცნებაში“. შემდეგ ძალიან მოკლე ხანში ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც კოალიციის ხელმძღვანელი იყო, მიიღო გადაწყვეტილება მისი დათხოვნის შესახებ. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც დაითხოვეს სემ პატენი, გახლდათ ის, რომ ის იყო ჩრდილოვანი მენეჯერი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისა. ეს, რა თქმა უნდა, იყო გადამწყვეტი ფაქტორი. ამის გამო დაითხოვეს. მიხეილ სააკაშვილი რომ ამბობს, ის ბიძინა ივანიშვილის მთავარი მრჩეველი იყო თურმე, ეს არის მორიგი ცრუპენტელობა, რასაც მიჩვეულები ვართ და სერიოზულად აღარ ვუყურებთ ამას“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მიხეილ სააკაშვილი CNN-თან საუბარში აცხადებს, რომ ამერიკელი პოლიტიკური კონსულტანტი სემ პატენი აშანტაჟებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, სემ პატენი 2011-2012 წლებში საქართველოში ჩამოვიდა და ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა. СNN-ის ჟურნალისტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პატენის შესახებ ეკითხება და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამერიკელი კონსულტანტი წარსულში სააკაშვილისთვის მუშაობდა.

„პატენი ჩვენთვის ძალიან მოკლე ხნის განმავლობაში მუშაობდა და ჩვენ მოგვიწია უარი გვეთქვა მის სამსახურზე. თუმცა, შემდეგ მოხდა ისე, რომ 2011 წელს პატენი დაბრუნდა საქართველოში და ის იყო რუსეთის მიერ ორკესტირირებული ოპერაციის მონაწილე, რომელიც „გაზპრომთან“ დაკავშირებულ ოლიგარქს ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმარა. როგორც მე ვიცი, საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა პოლ მანაფორტიც. პატენი ჩართული იყო პრორუსული პროპაგანდის გავრცელებასა და სხვადასხვა ბინძურ მანიპულაციებში. გარდა იმისა, რომ ის დაეხმარა რუსებს საქართველოში ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში, მნიშვნელოვნად დააზიანა აშშ-ის ეროვნული ინეტრესები რეგიონში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე ამტკიცებს, რომ პატენი მისი ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს დაუკავშირდა და მისი დაშანტაჟება სცადა.

„დღეს სემ პატენმა მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ჩემი ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს. ახლა შემიძლია, ეს ტექსტი წაგიკითხოთ – „შეაჩერეთ თქვენი ტროლები. წინააღმდეგ შემთხვევაში მე დავიწყებ მასალების გამოქვეყნებას მიშაზე. მას უნდა ერჩივნოს, რომ ეს არ გავაკეთო“. მან იცის, რაზეც ვსაუბრობ. ეს გახლავთ პირდაპირი მუქარა და შანტაჟი. ეს არის რუსებისთვის დამახასიათებელი შანტაჟი. ამ ხალხს ძალიან ახლო კავშირები აქვთ რუსებთან. ეს ხალხი დაიქირავეს და ისინი მზად არიან, ყველა ბინძური მეთოდი გამოიყენონ, რათა აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ“ – ამბობს მიხეილ სააკავშვილი.

სემ პატენს აშშ-ის პროკურატურამ 31 აგვისტოს ბრალი წაუყენა. პატენი გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა და სასამართლოში დაადასტურა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსისგან მიღებული 50 000 დოლარი დონალდ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტში გადარიცხა. ამ თანხის სანაცვლოდ მან ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრები ოთხი ბილეთი მიიღო, რომელიც უკრაინელი ბიზნესმენისთვის იყო განკუთვნილი. პატენმა აღიარა, რომ დაარღვია კანონი და ეს არ დარეგისტრირდა უცხო ქვეყნის ლობისტად, როგორც ამას აშშ-ის კანონმდებლობა ითვალისწინებს.