გიორგი გეგეჭკორი - სემ პატენი არანაირ მნიშვნელოვან მონაწილეობას არ იღებდა ჯერ კიდევ ახლად შექმნილი კოალიციის საქმიანობაში, განსაკუთრებით, საერთაშორისო ასპარეზზე
გიორგი გეგეჭკორი - სემ პატენი არანაირ მნიშვნელოვან მონაწილეობას არ იღებდა ჯერ კიდევ ახლად შექმნილი კოალიციის საქმიანობაში, განსაკუთრებით, საერთაშორისო ასპარეზზე

სემ პატენი არანაირ მნიშვნელოვან მონაწილეობას არ იღებდა ჯერ კიდევ ახლად შექმნილი კოალიციის საქმიანობაში, განსაკუთრებით, საერთაშორისო ასპარეზზე,- ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ საერთაშორისო-პოლიტიკური ჯგუფის ყოფილმა წევრმა, გიორგი გეგეჭკორმა ამერიკელ პოლიტიკურ კონსულტანტ სემ პატენთან დაკავშირებით განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ,  2011 წლის 7 ოქტომბერს გააკეთა ბატონმა ბიძინამ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება. იმ მომენტიდან კოალიციურ რეჟიმში გადავიდა პოლიტიკური გაერთიანებების მუშაობა, რომელთა შორის იყვნენ ირაკლი ალასანია და „თავისუფალი დემოკრატები“. სწორედ მათი საშუალებით შემოვიდნენ სემ პატენი და მისი ფირმა იმ პერიოდში ჩვენს საერთაშორისო საქმიანობაში. დაიდო საჯარო და ტრანსფარენტული ხელშეკრულება. ეს არ გახლდათ დამალული, თუმცა, სამწუხაროდ, გამომდინარე იქედან, რომ სასურველი შედეგი ვერ დაიდო, რაც კოალიციას და კოალიციის ლიდერს სურდათ, ძალიან მოკლე პერიოდში, დაახლოებით ორთვენახევარში, არაუმეტეს სამი თვისა, კონტრაქტი გაწყდა სემ პატენსა და მის კომპანიასთან. ის არანაირ მნიშვნელოვან მონაწილეობას არ იღებდა ჯერ კიდევ ახლად შექმნილი კოალიციის საქმიანობაში, განსაკუთრებით, საერთაშორისო ასპარეზზე, არ იყო ძლიერი მოთამაშე და არც მისი ფირმით ვიყავით კმაყოფილი. შემდეგ უკვე, 2012 წლის თებერვალში ძალიან მსხვილ და იმ პერიოდისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კომპანიასთან Patton Boggs-სთან დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ლობისტური ჯგუფი იყო ვაშინგტონში და მათთან გავაგრძელეთ მუშაობა.

სემ პატენი არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენდა კოალიციისთვის. ის იყო დასაწყისში და ისიც ირაკლი ალასანიას მიერ რეკომენდირებული პერსონაჟი იყო, რომელსაც არანაირი წვლილი არ მიუძღვის,  ნამდვილად არ იყო ფიგურანტი და მსხვილი მოთამაშე“,- განაცხადა გიორგი გეგეჭკორმა.

მიხეილ სააკაშვილი CNN-თან საუბარში აცხადებს, რომ ამერიკელი პოლიტიკური კონსულტანტი სემ პატენი აშანტაჟებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, სემ პატენი 2011-2012 წლებში საქართველოში ჩამოვიდა და ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა.

СNN-ის ჟურნალისტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პატენის შესახებ ეკითხება და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამერიკელი კონსულტანტი წარსულში სააკაშვილისთვის მუშაობდა.

„პატენი ჩვენთვის ძალიან მოკლე ხნის განმავლობაში მუშაობდა და ჩვენ მოგვიწია, უარი გვეთქვა მის სამსახურზე. თუმცა, შემდეგ მოხდა ისე, რომ 2011 წელს პატენი დაბრუნდა საქართველოში და იყო რუსეთის მიერ ორკესტირირებული ოპერაციის მონაწილე, რომელიც „გაზპრომთან“ დაკავშირებულ ოლიგარქს ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმარა. როგორც მე ვიცი, საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა პოლ მანაფორტიც. პატენი ჩართული იყო პრორუსული პროპაგანდის გავრცელებასა და სხვადასხვა ბინძურ მანიპულაციებში. გარდა იმისა, რომ ის დაეხმარა რუსებს საქართველოში ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში, მნიშვნელოვნად დააზიანა აშშ-ის ეროვნული ინეტრესები რეგიონში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე ამტკიცებს, რომ პატენი მისი ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს დაუკავშირდა და მისი დაშანტაჟება სცადა.

„დღეს სემ პატენმა მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ჩემი ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს. ახლა შემიძლია, ეს ტექსტი წაგიკითხოთ – „შეაჩერეთ თქვენი ტროლები. წინააღმდეგ შემთხვევაში მე დავიწყებ მასალების გამოქვეყნებას მიშაზე. მას უნდა ერჩივნოს, რომ ეს არ გავაკეთო“. მან იცის, რაზეც ვსაუბრობ. ეს გახლავთ პირდაპირი მუქარა და შანტაჟი. ეს არის რუსებისთვის დამახასიათებელი შანტაჟი. ამ ხალხს ძალიან ახლო კავშირები აქვთ რუსებთან. ეს ხალხი დაიქირავეს და ისინი მზად არიან, ყველა ბინძური მეთოდი გამოიყენონ, რათა აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ“ – ამბობს მიხეილ სააკავშვილი.

სემ პატენს აშშ-ის პროკურატურამ 31 აგვისტოს ბრალი წაუყენა. პატენი გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა და სასამართლოში დაადასტურა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსისგან მიღებული 50 000 დოლარი დონალდ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტში გადარიცხა. ამ თანხის სანაცვლოდ მან ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრები ოთხი ბილეთი მიიღო, რომელიც უკრაინელი ბიზნესმენისთვის იყო განკუთვნილი. პატენმა აღიარა, რომ დაარღვია კანონი და ეს არ დარეგისტრირდა უცხო ქვეყნის ლობისტად, როგორც ამას აშშ-ის კანონმდებლობა ითვალისწინებს.