სემ პატენი - ჩემი აზრით, ქართველმა ხალხმა სააკაშვილი სრულიად დამსახურებული მიზეზით უარყო და გადაირჩია
სემ პატენი - ჩემი აზრით, ქართველმა ხალხმა სააკაშვილი სრულიად დამსახურებული მიზეზით უარყო და გადაირჩია

ჩემი აზრით, ქართველმა ხალხმა სააკაშვილი სრულიად დამსახურებული მიზეზით უარყო და გადაირჩია,- ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტიკურმა კონსულტანტმა სემ პატენმა პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადა.

პოლიტიკურ ლობისტს პირველი არხი მიხეილ სააკაშვილის მიერ CNN-ის ეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ დაუკავშირდა.

პატენმა განაცხადა, რომ „გაცილებით დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე მედიაზე გაგიჟებული, შერცხვენილი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს, მიიქციოს ყურადღება“.

„ჩემი აზრით, ქართველმა ხალხმა სააკაშვილი სრულიად დამსახურებული მიზეზით უარყო და გადაირჩია“,- აღნიშნა სემ პატენმა.

მიხეილ სააკაშვილი CNN-თან საუბარში აცხადებს, რომ ამერიკელი პოლიტიკური კონსულტანტი სემ პატენი აშანტაჟებს.

„დღეს სემ პატენმა მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ჩემი ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს. ახლა შემიძლია, ეს ტექსტი წაგიკითხოთ – „შეაჩერეთ თქვენი ტროლები. წინააღმდეგ შემთხვევაში მე დავიწყებ მასალების გამოქვეყნებას მიშაზე. მას უნდა ერჩივნოს, რომ ეს არ გავაკეთო“. მან იცის, რაზეც ვსაუბრობ. ეს გახლავთ პირდაპირი მუქარა და შანტაჟი. ეს არის რუსებისთვის დამახასიათებელი შანტაჟი. ამ ხალხს ძალიან ახლო კავშირები აქვთ რუსებთან. ეს ხალხი დაიქირავეს და ისინი მზად არიან, ყველა ბინძური მეთოდი გამოიყენონ, რათა აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

СNN-ის ჟურნალისტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პატენის შესახებ ეკითხება და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამერიკელი კონსულტანტი წარსულში სააკაშვილისთვის მუშაობდა.

„პატენი ჩვენთვის ძალიან მოკლე ხნის განმავლობაში მუშაობდა და ჩვენ მოგვიწია, უარი გვეთქვა მის სამსახურზე. თუმცა, შემდეგ მოხდა ისე, რომ 2011 წელს პატენი დაბრუნდა საქართველოში და იყო რუსეთის მიერ ორკესტირირებული ოპერაციის მონაწილე, რომელიც „გაზპრომთან“ დაკავშირებულ ოლიგარქს ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმარა. როგორც მე ვიცი, საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა პოლ მანაფორტიც. პატენი ჩართული იყო პრორუსული პროპაგანდის გავრცელებასა და სხვადასხვა ბინძურ მანიპულაციებში. გარდა იმისა, რომ ის დაეხმარა რუსებს საქართველოში ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში, მნიშვნელოვნად დააზიანა აშშ-ის ეროვნული ინეტრესები რეგიონში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სემ პატენი 2008 წელს საპარალამენტო არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვანი კონსულტანტი იყო. ამის შესახებ ამერიკელი ლობისტის ვებგვერდზეა ნათქვამი. 2011-2012 წლებში კი პატენი „თავისუფალ დემოკრატებს“ უწევდა კონსულტაციას.

„2011-2012 წლებში სემ პატენი კონსულტაციებს უწევდა ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებს“. ამ პარტიამ კრიტიკული როლი ითამაშა „ქართული ოცნების“ კოალიციის მიერ არჩევნებში გამარჯვებაში. დღეს, როდესაც საქართველო შემოდგომის არჩვენებისთვის ემზადება, „თავისუფალი დემოკრატები“ ყველაზე პერსპექტიულ პოლიტიკურ პარტიებს შორისაა. 2008 წელს კი პატენმა კულისებიდან აწარმოა ყოფილი პრეზიდნეტის მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია“, – წერია სემ პატენის ვებგვერდზე.

ამასთან, კოალიცია „ქართული ოცნების“ საერთაშორისო-პოლიტიკური ჯგუფის ყოფილმა წევრმა, გიორგი გეგეჭკორმა განაცხადა, რომ სემ პატენი არანაირ მნიშვნელოვან მონაწილეობას არ იღებდა ჯერ კიდევ ახლად შექმნილი კოალიციის საქმიანობაში, განსაკუთრებით, საერთაშორისო ასპარეზზე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, სემ პატენი „ქართულმა ოცნებამ“ იმის გამო დაითხოვა, რომ ის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ჩრდილოვანი მენეჯერი იყო.

შეგახსენებთ, რომ სემ პატენს აშშ-ის პროკურატურამ 31 აგვისტოს ბრალი წაუყენა. პატენმა აღიარა, რომ უკრაინელი ოლიგარქისგან მიღებული 50 000 დოლარი უკანონოდ გადარიცხა დონალდ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტში და სანაცვლოდ ტრამპის ფიცის დადების ცერემონიაზე დასასწრები ბილეთები მიიღო.