გია ვოლსკი - პროკურატურისგან მოვითხოვთ, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მკაფიო განცხადება გააკეთოს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთოს და საკანონმდებლო ორგანოსა და საზოგადოებას დეტალური ანგარიში წარუდგინოს.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა-არ შექმნის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„არავინ ფიქრობს იმაზე, ეს კომისია რისი მაქნისია გარდა იმისა, რომ პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება, რაც ახლა ხდება. მით უმეტეს, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ მთავარი პროკურატურისგან მოვიხოვთ, ძალიან მკაფიო განცხადებას და ამას კომისია არ სჭირდება. პროკურატურისგან მოვითხოვთ, ყველა დეტალური ანგარიში ჩაგვაბაროს ჩვენ და საზოგადოებას, მაგრამ კომისია შეიქმნას თუ არა, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, მაგრამ კომისიის შექმნის წარმოჩენა როგორც პოლიტიკური დივიდენდის მიღება, სამარცხვინო საქციელია. რეალურად, ჩვენ საზოგადოებას, სარალიძეს, ვოლსკის, ყველას დეტალური ინფორმაცია გვჭირდება, რა გაკეთდა და რაშია განხვავება – პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტულებებში. ასევე არის თუ არა შესაძლებლობა კიდევ, დამატებითი მიუკერძოვებელი ექსპერტები ჩამოვიდნენ და ამ საქმეში ჩაერთონ. ადრე თუ გვიან, გამორიცხულია, რომ ეს საკითხი ჰაერში დაეკიდოს და ყველას თავისი სახელი არ დაერქვას. კიდევ ერთი ნიუანსია, მხედველობაში ზაზა სარალიძე ან მეორე მოკლულის დედა არ მყავს, ის ადამიანები უნდა გამოჩნდნენ, ვინც იციან და ხელს დაადებენ, თუ რამე არსებობს, ან საპირისპირო პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში.
დაზარალებულთა ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე თავის ახლობლებთან ერთად, მთავარ პროკურატურასთან მივიდა, სადაც საპროტესტო აქციას მართავს.