გია ვოლსკი - მაიკ პენსის მიერ გიორგი კვირიკაშვილის სახლში დაპატიჟება ურთიერთობის ხარისხს უსვამს ხაზს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სახლში დაპატიჟება ურთიერთობის ხარისხს უსვამს ხაზს.
ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელისა და ქართული დელეგაციის ამერიკაში გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტის შედეგები უახლოეს პერიოდში გამოიხატება.
„ყველა ჟესტს თავისი პოლიტიკური დანიშნულება აქვს. სახლში დაპატიჟებაც გარკვეული ურთიერთობის ხარისხს უსვამს ხაზს. ეს მიღებულია და საერთაშორისო პრაქტიკაა. საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის, რომ პატარა ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერილი ვიყოთ, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად და სამხედრო სფეროშიც“, – დასძენს ვოლსკი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვაშინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა.