გია ვოლსკი - დაკონკრეტება არ მინდა, ვინ შეიძლება, იყოს შემდეგი, ვინც პარლამენტში შევა
გია ვოლსკი - დაკონკრეტება არ მინდა, ვინ შეიძლება, იყოს შემდეგი, ვინც პარლამენტში შევა

დაკონკრეტება არ მინდა, ვინ შეიძლება, იყოს შემდეგი, ვინც პარლამენტში შევა, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, ვინ შეიძლება, შევიდეს პარლამენტში ოპოზიიციდან.

„დაკონკრეტება არც მინდა. ისეთი გრძნობა, მაქვს, თითქოს, რაღაც ზნეობასა და უზნეობას შორის წყალგამყოფზე ვსაუბრობ. ეს არის პრინციპები და კოდექსი, რითაც ადამიანების გარკვეული ჯგუფები ცხოვრობს და მეორე არის მიდგომა, რომ სახელმწიფოს დესტაბილიზაცია არ სჭირდება. ჩვენ ვუსმენთ, რა სისულელეებს ლაპარაკობს ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი, არჩევნები გაყალბებულია თუ არ არის გაყალბებული. ისინი, ვინც გაყალბებაზე ასე ხელაღებით საუბრობს, მთავარ ფორმულას ივიწყებენ, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და რა მდგომარეობაა მსოფლიოში თუ რეგიონში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, გაუგებარია, რის საფუძველზე უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.

„რის საფუძველზე უნდა ჩავატაროთ, რახან ხათუნა გოგორიშვილმა თქვა ასე ან თუნდაც, გიორგი ვაშაძემ, გინდაც, გუბაზ სანიკიძემ? ეს ხომ არასწორია?! მოდით, შევქმნათ საგამოძიებო კომისია და ვნახოთ, რამდენია გადაცდომა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ წარმოუდგენია საარჩევნო ბარიერის დაწევა იმ პირობებში, როცა ამ ცვლილებას 113 ხმა სჭირდება, ოპოზიციის მხრიდან კი პარლამენტში საკმარისი წარმომადგენლობა არ არის, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ არ შეიძლება, ადამიანებს საკუთარი ქვეყნისა და პარტნიორების წინაშე პასუხისმგებლობა არ ჰქონდეთ და მისი ოპტიმიზმი სწორედ ამ რწმენას ეფუძნება.

„მთელ საზოგადოებას დესტაბილიზაციით ემუქრებიან, მაგრამ არ შეიძლება, ამ ადამიანებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ საზოგადოებამ ისინი შეიძლება, სულ გარიყოს ან ხვალინდელი დღე მათთვის გაურკვეველი იყოს. თუ რეალურად პარტია „მოქალაქეებთან“ შევთანხმდით და ამ საკითხებთან დაკავშირებით ხელმოწერა ღიაა, რატომ არ შეიძლება, ადამიანებს ჰქონდეთ განცდა, რომ ამას შეუერთდნენ, თუ არადა, ვერ გავაკეთებთ ისეთ ცვლილებებს, რომელიც ბარიერის დაწევას, ან ეუთო/ოდირის სხვადასხვა რეკომენდაციის შესრულებას სჭირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, ქვეყანა ვერ წავა იმ გზით, რასაც სააკაშვილი კარნახობს და საქართველოში ვერასოდეს შეიქმნება ისეთი სიტუაცია, როდესაც ოქროს შუალედის მოძებნა შეიძლება, თუ ერთი მხარე მუდმივად დესტაბილიზაციაზეა ორიენტირებული.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად იქნება პარლამენტი მრავალპარტიული იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკანონმდებლო ორგანოში კიდევ ერთი პარტია, „გირჩი“ შევა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეს რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული და ასეთი პოლიტიკური გარემო კარგი ნამდვილად არ არის, მაგრამ იმას სჯობს, რასაც ოპოზიცია საზოგადოებას პირდება.

„ვერ ვიტყვი და არ ვიტყვი, რომ პოლიტიკური გარემო კარგია. ვინ მოვატყუო, ჩემი თავი თუ თქვენი მსმენელი?! კარგი არ არის, მაგრამ რასაც გვპირდებიან, იმას ჯობია. ხომ არ შეიძლება, მთელი ქვეყანა ვაშაძის ჭკუაზე ვატაროთ და იმის გამო, რომ პოლიტიკურ საბოტაჟს ეწევიან, ქვეყანაში სახიფათო ვითარება შევქმნათ და ამას ქვეყნის სტაბილურობა შევწიროთ?“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსიმ ასევე განაცხადა, რომ მდგომარეობა კარგი არ არის, მაგრამ ფაქტია, დღეს პარლამენტში არის სამი პოლიტიკური პარტია, ვინც ქვეყნის წინაშე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით გამოირჩევა, ვიდრე ისინი, ვინც საზოგადოებას რევოლუციას პირდება.

მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორებს, განსაკუთრებით ვაშინგტონსა და ბრიუსელს გლობალური ინტერესები აქვთ რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და საქართველოში სტაბილიზაცია სურთ, ოპოზიციისთვის კი მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა ძალიან რთული იქნება, სადაც ყველა ამ საკითხზე მოუწევთ პასუხის გაცემა და აქედან გამომდინარე, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა შეხვედრა და მოლაპარაკება არ შედგეს.