ანა ბუჩუკური - ოპოზიციის ერთიანობა საერთო სიას არ ნიშნავს, ვინც ასე თარგმნის, ან უვიცია, ან სპეციალურად ცდილობს შეცდომაში შეყვანას
ანა ბუჩუკური - ოპოზიციის ერთიანობა საერთო სიას არ ნიშნავს, ვინც ასე თარგმნის, ან უვიცია, ან სპეციალურად ცდილობს შეცდომაში შეყვანას

ოპოზიციის ერთიანობა ერთიან სიას არ ნიშნავს. ვინც ასე თარგმნის, ან უვიცია, ან სპეციალურად ცდილობს შეცდომაში შეყვანას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ოპოზიციის ერთიანობა მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის ევროპული მომავალი რისკის ქვეშ დგას“.

„ოპოზიციის ერთიანობას ყველა თავის კუდს აბამს, მაგრამ ჩვენ ხომ სერიოზული ხალხი ვართ. ოპოზიციის ერთიანობა ერთიან სიას არ ნიშნავს, წერტილი. ოპოზიციის ერთიანობა მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის ევროპული მომავალი რისკის ქვეშ დგას. კოორდინაცია, ერთიანობა მნიშვნელოვანია, როდესაც არჩევნებია დასაცავი და საქმეში გადავთარგმნოთ ის ხმა, რაც გვესმის, განსაკუთრებით თბილისის ქუჩებში ახალგაზრდების მხრიდან. ოპოზიციის ერთიანობა ერთიან სიას არ ნიშნავს. ამას ვინც ასე თარგმნის, ან უვიცია, ან სპეციალურად ცდილობს შეცდომაში შეყვანას“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

კითხვაზე, ვისთან წარმოუდგენია პარტიას „საქართველოსთვის“ თანამშრომლობა და მისთვის ისევ წითელი ხაზი ხომ არ არის „ნაციონალური მოძრაობა“, ბუჩუკურმა აღნიშნა:

„ჩვენთვის წითელი ხაზები არ შეცვლილა. ამ ვითარებაში, სადაც ქვეყნის ევროპულ, დასავლურ მომავალს აყენებენ რისკის ქვეშ, კოორდინაცია, თანამშრომლობა იქნება ყველასთან. მეტიც, „ქართული ოცნების“ დეპუტატებში ერთი ადამიანიც რომ მოიძებნოს, რომელიც იაზრებს, მათი ქმედებების გამო რამხელა რისკის ქვეშ დგება ქვეყნის ეროვნული ინტერესები, იმ ადამიანთან აუცილებლად ვითანამშრომლებთ, შემოვიერთებთ კიდეც“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ამასთან, ბუჩუკურმა უპასუხა კითხვას, რა როლი აქვს საქართველოს პრეზიდენტს ამ პროცესში:

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთადერთი ინსტიტუტია შემორჩენილი, რომელსაც დამოუკიდებლობის ხარისხი აქვს. პრეზიდენტის მანდატი, შესაძლებლობები შეზღუდულია, მაგრამ ის მაინც ოფიციალურ ინსტიტუტს წარმოადგენს და არჩევნების დაცვის ნაწილში მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს“.