გია ვოლსკი - ჩვენს საზოგადოებაში თუ არსებობს ადამიანი, ვინც არის პატიოსანი და პრინციპული, შალვა თადუმაძე მათ შორის ერთ-ერთია
გია ვოლსკი - ჩვენს საზოგადოებაში თუ არსებობს ადამიანი, ვინც არის პატიოსანი და პრინციპული, შალვა თადუმაძე მათ შორის ერთ-ერთია

ჩვენს საზოგადოებაში თუ არსებობს ადამიანი, ვისაც მოეთხოვება და არის პატიოსანი, პრინციპული, შალვა თადუმაძე მათ შორის ერთ-ერთია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„როცა მრგვალ მაგიდასთან ვისხედით, მისი ხედვა და კვალიფიკაცია, თუნდაც სასამართლო საკითხებთან, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსთან დაკავშირებით, ყოველთვის ძალიან დამაჯერებელი იყო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა შალვა თადუმაძეს იურიდიული განათლება და რამდენად აქვს მას ფორმალური შესაძლებლობა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტი დაიკავოს, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ახალი კანონით გაწერილი კრიტერიუმები ყველას ავალდებულებს, წარმოადგინონ ყველა დოკუმენტი, რაც მათ მიერ შევსებულ ანკეტას უნდა ახლდეს და შესაბამისად, კანდიდატთა დოკუმენტაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადამოწმებული აქვს.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რატომ არ მოხდა ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციების გათვალისწინება, რომ მოქმედ პარლამენტს მხოლოდ იმ რაოდენობის მოსამართლეები დაემტკიცებინა, რამდენიც აბსოლუტურად აუცილებელი იქნებოდა უზენაესი სასამართლოს მუშაობისთვის, მოსამართლეთა ნაწილი კი – მომდევნო პარლამენტს, რაც სუბიექტივიზმს გამორიცხავდა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ კანონით ამის გაწერა შეუძლებელია და ეს კანდიდატთა დისკრიმინაცია იქნებოდა.

„მათი რჩევა იქიდან არის განპირობებული, რომ რამე რომ იყოს და, 2020 წელს ხელისუფლება შეიცვალოს, იმ ახალ ხელისუფლებას არ გაუჩნდეს აგრესიული გადაწყვეტილების მიღების სურვილი, რომ ყოველგვარი კანონის გარეშე აიღონ და მოსამართლეები გარეთ გაუშვან. ისინი ქვეყანას ურჩევენ, სტაბილურობის თემას მიექცეს ყურადღება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, თუ მაგალითად, მიიღება გადაწყვეტილება, რომ პარლამენტმა ოციდან მხოლოდ ათი კანდიდატი დაამტკიცოს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მეათე და მეთერთმეტე არანაკლებ საუკეთესოა, ისინი იმის გამო არ უნდა დაიჩაგრონ, რომ პოლიტიკურად ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის ბევრი რეკომენდაცია გაითვალისწინა, მაგრამ ორი რეკომენდაციის გათვალისწინება ვერ მოხდა.

„ერთი ის არის, რომელსაც კანონში ვერ გაითვალისწინებ და, რომელზეც მოგახსენეთ. მეორე რეკომენდაცია კი ის იყო, რომ კანდიდატებს, რომლებიც ოცეულში ვერ მოხვდებიან, გადაწყვეტილების გასაჩივრება შესძლებოდათ. გასაჩივრების ადგილი არის უზენაესი სასამართლო, სადაც დღეს რვა მოსამართლეა. წარმოიდგინეთ, იქ შედის საჩივარი, რომლის განხილვაც გრძელდება და თუ ოცეული უკვე დაკომპლექტებულია, ესე იგი, ვიღაც უნდა ამოიღო და მის ადგილას სხვა ჩასვა. შეიძლება, მერე იმას გაუჩნდეს საჩივარი, რომ მისი მონაცემები უკეთესი იყო და ეს პროცესი არ დასრულდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს იუსტიციის საბჭოს მოქმედი მდივნის, გიორგი მიქაუტაძის უზენაეს სასამართლოში გამწესებას, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მას კარგად არ იცნობს, გუნდში კი ამასთან დაკავშირებით ბჭობა არ ყოფილა.

„ფაქტია, რომ მას, როგორც კანდიდატს, არც ერთ ეტაპზე არ აქვს უფლება, სხვის შეფასებაში მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.