გია ვოლსკი - არავის უნდა გაუკვირდეს, რომ საზოგადოებისგან მეტი მხარდაჭერა იქნება იმ მხარეს, სადაც არის სტაბილურობის გარანტია, ვიდრე იმ მხარეს, რომელიც ნგრევას, რევოლუციურ პროცესებს გვპირდება
გია ვოლსკი - არავის უნდა გაუკვირდეს, რომ საზოგადოებისგან მეტი მხარდაჭერა იქნება იმ მხარეს, სადაც არის სტაბილურობის გარანტია, ვიდრე იმ მხარეს, რომელიც ნგრევას, რევოლუციურ პროცესებს გვპირდება

არავის უნდა გაუკვირდეს, რომ გაცილებით მეტი მხარდაჭერა იქნება იმ მხარეს, სადაც სტაბილურობის რეალური გარანტიაა, ვიდრე იმ მხარეს, რომელიც ნგრევას, დესტაბილიზაციას და რევოლუციური პროცესების განვითარებას გვპირდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მსოფლიო ისტორიის საგანგებოდ მნიშვნელოვან ეტაპზე ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება რეალური მიღწევაა.

„რაც შეეხება მაღალ მაჩვენებელს, რომელსაც, სავარაუდოდ, მიიღებს „ქართული ოცნება“ – როცა აკეთებ სიტუაციის ანალიზს, მსოფლიოში რა პროცესებიც მიმდინარეობს, შიდა და გარე გამოწვევები, ამასთან დაკავშირებით ყველაზე ადეკვატური პოლიტიკა არის ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს. ეს არ არის რაღაც მოგონილი თემა. ჩამოყალიბებულია ფორმულა იმის მიხედვით, რა განწყობებია საზოგადოებაში. რასაკვირველია, აქ საზოგადოებრივი აზრის სწავლაც მიდის, მაგრამ რეალობა უნდა დავინახოთ მონაცემებში, გინდ ავიღოთ ეკონომიკური მართვის სისტემა, გინდ ციფრები და ის რეალური მიღწევა, რასაც სტაბილურობის შენარჩუნება ჰქვია მსოფლიო ისტორიის ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ჩვენ გარშემო ასეთი ტურბულენტური მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ იმ მხარეს, სადაც სტაბილურობის გარანტიაა, არა მარტო სიტყვიერი, არამედ რეალური, გაცილებით მეტი მხარდაჭერა იქნება, ვიდრე იმ მხარეს, რომელიც ნგრევას, დესტაბილიზაციას და რევოლუციური პროცესების განვითარებას გვპირდება.

ქვეყნის წინაშე გამოწვევები ძალიან დიდია. რასაკვირველია, პოლიტიკაში უნდა რჩებოდეს ყველა პოლიტიკური ძალა, რომელსაც ასე თუ ისე აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. უნდა იყოს დაფინანსებული, უნდა იზრუნონ თავიანთი პარტიის განვითარებაზე, პარტიულ მშენებლობაზე, პროგრამების ჩამოყალიბებაზე, მაგრამ პარლამენტიდან სახელმწიფო პროცესების მართვა, რასაკვირველია, გაცილებით დიდი ჯგუფების მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან უნდა ხდებოდეს. ეს არის საუკეთესო ევროპული გამოცდილება და სწორედ ეს განაპირობებს სტაბილურობას, გამორიცხავს გარიგებებს, პოლიტიკურ შეთანხმებებს გარკვეული გამორჩენის მისაღებად. მცირე პარტიების მხრიდან დიდ პარტიებზე დამოკიდებულების გაზრდის თვალსაზრისითაც, ბარიერის დაწევა, შემცირება, როგორც მაგალითმა გვაჩვენა, არ არის ქვეყნისთვის კარგი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.