გია ვოლსკი - ევროპელი ლიდერები 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების რეალურ შანსს ხედავენ, ამ შემთხვევაში სკეპტიციზმი უადგილოა
გია ვოლსკი - ევროპელი ლიდერები 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების რეალურ შანსს ხედავენ, ამ შემთხვევაში სკეპტიციზმი უადგილოა

ევროპელი ლიდერები 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების რეალურ შანსს ხედავენ. ამ შემთხვევაში სკეპტიციზმი უადგილოა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ საქართველომ ვალდებულებების შესრულებაზე უარი უნდა თქვას.

„ეს არის ევროპელი ლიდერების რაციონალური მოსაზრება. ამ შემთხვევაში სიტყვა „სკეპტიციზმი“ უადგილოა, 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების რეალურ შანსს ხედავენ, რადგან როგორც მაკრონი ამბობს, 27 სახელმწიფოს შორის არ არის ის სინქრონიზაცია, რომელიც საჭიროა ევროკავშირისგან. რასაკვირველია, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებულებებზე უარი უნდა ვთქვათ, პირიქით, ასოცირების ხელშეკრულება არსებობს და არსებობს ზედმიწევნით შესრულებული რეკომენდაციები. როგორც ჩანს, ამ საკითხზე ევროკავშირის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა და არ არსებობს კონსენსუსი, რადგან ათეული წლებია, რამდენიმე ქვეყანა კანდიდატის სტატუსით არის და მოლოდინის რეჟიმშია, მათ შორის ყველაზე დიდი ხანი არის თურქეთი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„რასაკვირველია, სტატუსი აუცილებლად იქნება. საქართველო გაცილებით მძლავრ პოზიციაზე დგას. ვერცერთმა საერთაშორისო კომისიამ ვერანაირად ვერ დაადასტურა, რომ საქართველოში რუსეთისთვის ხელშეწყობის რაიმე მექანიზმი არსებობს. ასევე, არანაირი საფუძველი არ აქვს იმას, რომ საქართველომ რუსეთთან ის ურთიერთობა ააწყო, რაც მას ევროპულ გზაზე ხელს უშლის. ეს არის დემაგოგია, თავს მოხვეული საინფორმაციო შეტევა საზოგადოების ცნობიერებაზე, რათა როგორმე ხალხი დაარწმუნონ, რომ აუცილებელია რევოლუცია. რადიკალურ ოპოზიციაში რევოლუცია განპირობებულია იმით, რომ მათ პერსპექტივა არ აქვთ. მათი ერთადერთი ფორმულაა, საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდეს, თუ სტატუსს ვერ მივიღებთ. ანუ, ყველამ უნდა იმუშაოს, რათა საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს. ეს არის მთავარი ამოცანა. ყველა მიხვდა, რომ „შავი ხვრელები“ სულ სხვაგან უნდა ეძებონ და არა – საქართველოში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სლოვენიაში, სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გუშინ განაცხადა: „ჩვენი პოზიციაა გაწევრიანებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება, ასევე ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან“.