გია მურღულია - ქართული ენა უნდა დავიცვათ ყველა სფეროში, გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა
გია მურღულია - ქართული ენა უნდა დავიცვათ ყველა სფეროში, გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა

სახელმწიფო ენა, ქართული ენა უნდა დავიცვათ ყველა სფეროში, გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, რა გავაკეთოთ, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია მურღულიამ განაცხადა.

როგორც მურღულიამ სამეტყველო ენის დახვეწასთან დაკავშირებით პირველი არხისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, აუდიენციისას საინტერესო წინადადებები გამოითქვა.

გია მურღულიას თქმით, მსგავსი შეხვედრები კარგ შედეგს გამოიღებს.

„პირველ რიგში, უნდა ვიკითხოთ, რამდენად აუცილებელია ეს და აუცილებელი რომ არის, ეს ფაქტია, რადგან სახელმწიფო ენა, ქართული ენა უნდა დავიცვათ ყველა სფეროში. პრობლემები, რომელიც გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სპორტის, განათლების, სოციალური, კულტურის მიმართულებებით, ეს არის ფაქტი. ამიტომ ხედვას, შეფასებას, ცხადია, თავისი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, რა გავაკეთოთ, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ამ თვალსაზრისით, შეხვედრაზე ძალიან საინტერესო წინადადებები გამოითქვა. მაგალითად ის, რომ ჩვენ დავინახოთ ტიპურ შეცდომათა გარკვეული ჩამონათვალი. რა შეცდომებს ვუშვებთ, სად ვცოდავთ ქართული ენის წინაშე, რისი გამოსწორება შეიძლება. ზოგიერთი სიტყვა ისე ფუნდამენტურად არის დღეს დამკვიდრებული, რომ პრაქტიკულად გაქართულდა კიდეც, ყურს არ ჭრის და მაინცდამაინც შეურაცხყოფას არ აყენებს ქართულ ენას. ესეც გასათვალისწინებელია, მაგრამ შემოდის ახალი ტერმინები, სპორტში, კულტურაში, სოციალურ სფეროში, ამის ქართული შესატყვისები ან არსებობს, ან შეიძლება, შეიქმნას, როგორც თავის დროზე ჩვენი წინაპრები ასეთ შესატყვისებს ქმნიდნენ. კარგი შეხვედრა იყო და კარგ შედეგსაც გამოიღებს“, – განაცხადა გია მურღულიამ.

პირველი არხისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამეტყველო ენის დახვეწასთან დაკავშირებით შეხვედრა დღეს გამართეს. შეხვედრის მიზანი მედიაში დამკვიდრებული ტიპური შეცდომების, ბარბარიზმების ქართული შესატყვისებით ჩანაცვლება და ქართული ენის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციაა.

შეხვედრაზე არხის ხელმძღვანელობამ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობა დაგეგმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით პირველ არხსა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.