გია გაჩეჩილაძე - ძნელი მოსასმენია დადებითი შედეგების მუდმივი დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც მიღწეული გვაქვს ამ საშინელი ვირუსის წინააღმდეგ, თუმცა საზოგადოებას მივანდოთ ამათი შეფასება
გია გაჩეჩილაძე - ძნელი მოსასმენია დადებითი შედეგების მუდმივი დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც მიღწეული გვაქვს ამ საშინელი ვირუსის წინააღმდეგ, თუმცა საზოგადოებას მივანდოთ ამათი შეფასება

ძნელი მოსასმენია იმ დადებითი შედეგების მუდმივი დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც მიღწეული გვაქვს ამ საშინელი ვირუსის წინააღმდეგ, თუმცა საზოგადოებას მივანდოთ ამათი შეფასება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფრაქცია მხარს უჭერენ საგანგებო მდგომარების გახანგრძლივებას.

მან გამოსვლაში ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომ ამ საშინელ ვირუსთან ბრძოლაში მიღწეული დადებითი შედეგების მათი მხრიდან მუდმივი დისკრედიტაციის მცდელობას საზოგადოება შეაფასებს შემოდგომაზე.

„საქართველოს შედეგები, რომელიც ამ ვირუსთან ბრძოლასთან არის დაკავშირებული, შეფასებულია მსოფლიოს ყველაზე მოწინავე სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრივ როგორც განსაკუთრებული მიღწევა, რადგან ბევრ ქვეყანაში ასეთი რამე ვერ მოხდა, რაც არ უნდა ძლიერი და გამართული სისტემა ქონოდათ“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ამერიკის ჯონ ჰოპინსის საუნივერსიტეტო კლინიკის შეფასებაში აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპის კონტინენტზე 48 ქვეყანაში არის ყველაზე მოწინავე, სადაც ათას სულ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვლილია ვირუსის შედეგად.

„როდესაც მოწოდებები ისმის – შევამსუბუქოთ, მოვხსნათ კომენდანტის საათი და ასე შემდეგ, გადაიანგარიშეთ და ნახავთ, რომ თუ იტალიის მაგვარი რამ მოხდებოდა საქართველოში, ის ეფექტური და დროული ღონისძიებები არ გატარდებოდა ქვეყანაში, ახლა 1500 გარდაცვლილი და 11 ათასი დაავდებული გვეყოლებოდა. თუ ვინმე იტყვის, რომ იტალია არ არის მაგალითი, შვეიცარიის მაგალითს მოგიყვანთ, რადგან შევეიცარია საქართველოს ხელა ქვეყანაა, ასეთი გაანგარიშებით 12 ათასზე მეტი დაავადებული ადამიანი და 16 – 20-ჯერ მეტი გარდაცვლილი გვეყოლებოდა“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 90% -ზე მეტი სიკვდილიანობა არის სწორედ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში, ხოლო 2019 წლის გაერო-ს მონაცემებით, საქართველოში 58% ოჯახებში ერთი ადამიანი მაინც არის ქრონიკული დაავადებებით, ეს 550 ათასი ადამიანია, რომელიც რისკის ქვეშ დგას.

„რა გინდათ, რომ ეს ხალხი ქუჩაში გამოვიდეს? ეს ყველა მცდელობა, რომ როგორმე უნდობლობა და პანიკა დათესოთ, ეს ყველაფერი თქვენთვის იქნება წამგებიანი. თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთი დადებითი თვისება აქვს, ამ კორონავირუსს, რომ მან პოლიტიკური სპექტრის ლუსტრაცია მოახდინა ქვეყანაში და თქვენ ნახავთ შემოდგომაზე, თუ რამდენიმე პროცენტი კიდევ გქონდათ შანსი, რომ რაღაცა ორი კაცი შეგეყვანათ, საზოგადოების რა მხარდაჭერა გექნებათ არჩევნებში იმასაც ვნახავთ ამ თქვენი გამოსვლების შემდეგ“, – მიმართა გია გაჩეჩილაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს.