გია ჟორჟოლიანი - ქვეყანას სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში რადიკალური ცვლილებები სჭირდება
ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეიცვლება.
როგორც ჟურნალისტებს ჟორჟოლიანმა განუცხადა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს.
„თუ თეა წულუკიანი ამას მოინდომებს და სხვა გეგმები აქვს, ეს სხვა ამბავია. ვფიქრობ, რომ წულუკიანი ცუდად არ მუშაობს, კომპეტენტურად მუშაობს და მთელი რიგი პრობლემები რაც არსებობს, მის საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. გიორგი გახარიამ მუშაობა კარგად დაიწყო, ლევან იზორიასთან პრეტენზია არავის არ აქვს. საგარეო მიმართულება იგივე გვექნება, რაც გვაქვს, რადგან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა და ამ თვალსაზრისით რადიკალური ცვლილება არ უნდა იყოს“, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
დეპუტატის მოსაზრებით, ქვეყანას სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში რადიკალური ცვლილებები სჭირდება.
„ეს არის განსახორციელებელი. პერსონალიები იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც პროგრამა და პოლიტიკა უნდა იყოს განსხვავებული და ეფექტურად უნდა განხორციელდეს. გვჭირდება არა პერსონალების ცვლილება და დაკვირვება ვინ ლამაზი ბიჭია და ვინ კარგად ლაპარაკობს, არამედ სერიოზული პროგრამული ცვლილება, პოლიტიკის ცვლილება გვჭირდება და ამისთვის ყველამ უნდა იმუშაოს. ახალი ბიუჯეტი ახალ განსხვავებულ სახელმწიფო პოლიტიკას უნდა ეფუძნებოდეს”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.