გია ჟორჟოლიანი - ჩვენი პარტია იბრძოლებს, რათა უმუშევრობის დროებითი დახმარება არ იყოს დროებითი და დამკვიდრდეს, როგორც სამართლიანი სოციალური დაცვის კომპონენტი
ჩვენი პარტია იბრძოლებს, რათა მთავრობის მიერ შემოღებული უმუშევრობის დროებითი დახმარება არ იყოს დროებითი და დამკვიდრდეს, როგორც სამართლიანი და ეფექტიანი სოციალური დაცვის კომპონენტი, – ამის შესახებ „სოციალ-დემოკრატების“ ხელმძღვანელმა, დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც გია ჟორჟლიანი აღნიშნავს, დღეს, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს, უფრო და უფრო ნათელი ხდება შრომის მნიშვნელობა საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობისთვის.
„ყველანი ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, ჰოსპიტალური სექტორი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ხოლო მეორე მხრივ, წარმოების და რეალური სექტორი საზოგადოებისთვის აუცილებელი რესურსების მომარაგებისთვის ზრუნავს. უკანა ფონზე გადავიდნენ პოლიტიკოსები, ფინანსისტები და წინ წამოიწიეს მშრომელებმა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ მშრომელთა მდგომარეობა, რომლებსაც დღეს საზოგადოება თვალებში შეჰყურებს, არც თუ ისე სახარბიელოა.
აღმოჩნდა, რომ საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებენ ადამიანები, რომელთა შემოსავლები არა თუ დიდი, არამედ ხშირ შემთხვევაში მინიმალურია. იმ ფონზე, როდესაც ბანკირებისა თუ აღმასრულებელი დირექტორების შემოსავლები მილიონებს აჭარბებს, მასწავლებლების, ინდუსტრიული მშრომელების, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების, ექიმების და ექთნების შემოსავლები წარმოუდგენლად მცირეა. ამის მიუხედავად, მათი საზოგადოებრივი ფუნქცია უფრო დიდია. ამან უნდა დაგვაფიქროს, შრომის ნამდვილ საზოგადოებრივ ღირებულებაზე.
30 წლიანი ნეოლიბერალური პოლიტიკა გაბანკროტებულია. მან ვერ მოახერხა ვერც ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფა დასაქმებულებისთვის და ვერც სამუშაო ადგილების მასიური წარმოქმნა.
შრომის ღირსეული პირობების საკითხი და უმუშევრობა სინამდვილეში ორი ერთმანეთთან მნიშვნელოვნად დაკავშირებული საკითხია. მაღალი უმუშევრობის პირობებში თუ ერთი ადამიანი მოითხოვს შრომის ღირსეულ პირობებს, მეორე დათანხმდება არსებულს და სწორედ ეს აძლევს საშუალებას დამქირავებელს შეინარჩუნოს არსებული მდგომარეობა. სწორედ, ამიტომ ჩვენთან დგას არა უბრალოდ შრომითი პირობების გაუმჯობესების პრობლემა, არამედ დასაქმების პრობლემაც, რასაც, როგორც 30 წლიანი გამოცდილებით ვხედავთ, ბიზნესი თავისით ვერ გადაჭრის. აუცილებლია სხვა სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც ამ პრობლემას საკუთარ პასუხისმგებლობაში მოაქცევს და არ შეატოვებს ბაზარს. ასეთი სახელმწიფო არის სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც,ერთიმხრივ, წარმართავს აქტიურ ინდუსტრიულ და დასაქმების პოლიტიკას, ხოლო, მეორეს მხრივ, პროგრესულ პრინციპზე დაფუძნებული მზარდი ბიუჯეტით აკმაყოფილებს საზოგადოებრივ საჭიროებებს ყველასთვის“, – აღნიშნავს ჟორჟოლიანი.
მისივე თქმით, ყველამ უნდა იბრძოლოს ისეთი საზოგადოებისთვის, სადაც შრომა თვითრეალიზაციის და განვითარების საშუალებად იქცევა და არა დომინაციის და ჩაგვრის.
„შრომის საკითხი არაა იურიდიული საკითხი, ეს არის პოლიტიკური საკითხი. ისტორიულად მშრომელთა უფლებებისთვის ბრძოლა პირდაპირ ან ირიბად ყოველთვის წინ უძღოდა პოლიტიკური უფლებების გაფართოვებას და სახალხო დემოკრატიების ფორმირებას – საარჩევნო უფლებებს, განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის მექანიზმების დანერგვას,საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ფორმირებას და ა.შ. ჩვენი პარტია იბრძოლებს, რათა მთავრობის მიერ შემოღებული უმუშევრობის დროებითი დახმარება არ იყოს დროებითი და დამკვიდრდეს, როგორც სამართლიანი და ეფექტიანი სოციალური დაცვის კომპონენტი. ჩვენ ვიბრძოლებთ, რათა ქვეყანაში გაძლიერდეს სოლიდარობის და თანასწორობის პრინციპები. გილოცავთ, შრომის და მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს“, – აღნიშნავს ჟორჟოლიანი.