გია აბაშიძე - პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სპეკულაციები ერთი-ერთში ჩაჯდა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში
პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივ და მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეიქმნა ცრუ მოლოდინები, რომ ეს ჰესები მავნეა ჯანმრთელობისთვის, მოხდა მანიპულირებული, თუ ფეიკნიუსების გავრცელება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტოლოგმა გია აბაშიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროა, რომ 21 აპრილს ქართული მედიის საშუალებებიდან, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გარკვეული განცხადებებიც იყო, როცა ამბის ეთნიკურ-რელიგიურ ჭრილში გადატანა უნდოდათ.
„ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული მოვლენების მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირება, სხვა პოლიტიკური ინსინუაციები და სპეკულაციები ერთი-ერთში ჩაჯდა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში – ქვეყანა არის ჩამოშლილი, არაფერი არ მუშაობს. აპოკალიპტური სურათია დახატული და ყველაფერი ბრალდება ხელისუფლებას, რაღაც კერძო ინტერესებს და არაფერი არ არის ნათქვამი ამ ჰესების დადებით მხარეებზე“, – აღნიშნა აბაშიძემ.
კითხვაზე, კონკრეტულად რომელ არასამთავრობოებზე საუბრობს გია აბაშიძე, იგი პასუხობს. „პანკისში არის სათემო რადიო, EMC-ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, იქ არიან თამთა მიქელაძე, სულხან ბორძიკაშვილი, რომელიც მაშინაც, იმ კვირა დღესაც კი ავრცელებდა ყალბ ამბებს, რომ თურმე მოლაპარაკებების დროს პოლიციის მხრიდან მიმდინარეობდა ზეწოლა. კიდევ არიან სხვები, მაგალითად გელა მთივლიშვილი ამბობდა, რომ მიმდინარეობდა დაკავებები, ხალხის დარბევა და ასე შემდეგ. იქ არის საინფორმაციო ქსელი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრი. ინტერნეტში რომ ჩავხედოთ, მათ ვებგვერდებსა და მათ დასპონსორებულ ფეისბუკგვერდებზე, ისინი უაპელაციოდ აცხადებდნენ, რომ თურმე მცირე ჰესები უშვილობასაც კი იწვევს, აერიათ ეტყობა, ატომური ენერგო სადგურის ცნებასთან“, – განმარტა აბაშიძემ.
მისივე თქმით, ხსენებული არასამთავრობოები ფინანსდებიან უმეტესად „სოროსის ფონდით, ღია საზოგადოება – საქართველოდან“.
„ცუდი არაფერია დაფინანსებაში, მაგრამ ხანდახან უნდა გადაიხედოს ხოლმე, როდესაც პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური ნარატივების ელფერს იძენს ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის“, – აღნიშნა გია აბაშიძემ.
ამასთან, აბაშიძის თქმით, ხელისუფლის მხრიდან აუცილებელია რწმუნებულებთან, უხუცესთა საბჭოსთან ფართო დიალოგი, არამხოლოდ სადღაც სააქტო დარბაზში შეკრება თუ სამოქალაქო აქტივობის ცენტრში, არამედ კარდაკარ სიარული. „ხომ ვხედავთ, როგორი მგრძნობიარე საკითხი იყო. რაღაც ნაპერწკალიც კი სჭირდებოდათ, რომელსაც აღვივებდნენ გარკვეული არასამთავრობოები. მადლობა ღმერთს, გადავრჩით ამ ხანძარს, მაგრამ ამ მცირე ხანძრის ჩაქრობას დაჭირდა იქ ოთხი მინისტრის ჩასვლა. ამიტომ საჭიროა ყოვლისმომცველი დიალოგი, თუნდაც შეუთანხმებელ მხარეებთან“, – განაცხადა გია აბაშიძე.