ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოში გაუსვლელად იმყოფებოდა კლინიკაში და ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას
ღუდუშაურის სახელობის კლინიკა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მისამართით დე ფაქტო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას უსაფუძვლოს უწოდებს.
კლინიკაში განმარტავენ, რომ 2008 წლის აგვისტოს მთელი თვის განმავლობაში ვაჟა გაფრინდაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფებოდა და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილის მისამართით დე ფაქტო რეჟიმის მიერ გაჟღერებულ მორიგ უსაფუძვლო განცხადებას, რომელიც გავრცელდა მასმედიის საშუალებებში. 2008 წლის აგვისტოში, ვაჟა გაფრინდაშვილი გაუსვლელად იმყოფებოდა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და პირნათლად ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. იგი, როგორც საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ჭეშმარიტი ექიმი, ჩვენი კლინიკის კედლებში იბრძოდა პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. აი, ეს გახლავთ სიმართლე. სამედიცინო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ ვგმობთ ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და არაჰუმანურ ქმედებებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – ნათქვამია ღუდუშაურის სახელობის კლინიკის განცხადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა, როგორც სამხედრო ექიმი.
ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, რასაც ექიმი არ აღიარებს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.