ღუდუშაურის საავადმყოფოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი სამარღანიშვილი და პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი იმყოფება. ისინი უკვე საათზე მეტია, საავადმყოფოს ტერიტორიაზე არიან შესული.
ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
ჯერ უცნობია, უკავშირდება თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კლინიკაში მისვლა დოდო გუგეშაშვილის გამოკითხვას.
როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, დოდო გუგეშაშვილის გამოკითხვა არ მიმდინარეობს.
დოდო გუგეშაშვილის შესაძლო გამოკითხვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ადგილზე მყოფი მისი მეგობრები.
როგორც პირველ არხს ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს, დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა, ექიმების გადაწყვეტილებით, დღეს მას პალატაში არ გადაიყვანენ.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.