შსს-სთან, სადაც „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, ლევან ვასაძე მივიდა
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, სადაც „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მივიდა.
„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები კახეთის გზატკეცილიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე, შემდეგ კი ვერის ბაღში გადაინაცვლებენ.
„სადაც არ უნდა იყოს, დავიძვრებით და არ ჩავატარებინებთ. არასდროს დავიღლებით. იმ მეთოდებით ვიბრძოლებთ, რაც ვთქვით, ყველაფერი ახსნილია, ყველაფერი იცით. აქედან გადავალთ ვერის ბაღში. დაველოდებით ვიდრე დააანონსებენ და მაინც არ ჩავატარებინებთ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
ამასთან „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების ნაწილი დარჩება.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა დილის 06:30 საათიდან დაიწყეს შეკრება კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან. ისინი აცხადებენ, რომ პრაიდის ორგანიზატორებს აქციის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.
გავრცელებული ინფორმაციით, „ღირსების მარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაციის გაჟონვის გამო და უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიება კიდევ ერთხელ გადადეს.