ღამურებს ბგერის სიჩქარის აღქმა თანდაყოლილი აქვთ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ახალი კვლევის მიხედვით, ღამურებს დაბადებიდანვე მოჰყვებათ რაღაც სუპერძალა: დროის უჩვეულოდ ზუსტი შეგრძნება.
სიცოცხლეში პირველივე ფრენისას, როგორც ჩანს, ამ ექოლოკაციურმა ძუძუმწოვრებმა როგორღაც იციან, ზუსტად რა დრო სჭირდება მათ მიერ გაშვებულ ბგერის ტალღებს მსხვერპლამდე მისაღწევად, ასარეკლად და ექოს სახით უკან დასაბრუნებლად.
ბგერის სიჩქარის მანიშნებელი ამ თანდაყოლილი თვისების წყალობით, ისინი მანძილს დროის ერთეულებად გარდაქმნიან, სივრცის ერთეულისგან განსხვავებით, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ. მაგალითად, მღვიმის შესასვლელში მობზუილე მწერი ღამურისთვის მეტრის მანძილზე კი არ იმყოფება, არამედ ხუთი მილიწამის საფრენ მანძილზე.
„შეიძლება სემანტიკურ სხვაობად ჩანდეს, მაგრამ ვფიქრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი სივრცული აღქმა ფუნდამენტურად განსხვავდება ცხოველებისა და სხვა მხედველი არსებებისგან, სულ მცირე მაშინ, როცა საქმე ეხება ხმაზე დამოკიდებულებას“, — ამბობს თელ-ავივის უნივერსიტეტის ზოოლოგი და ნეირომეცნიერი იოსი იოველი.
ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც მხედველობის იმედად არიან, ღამურები სამყაროს ყურებით „ხედავენ“. ზუსტად ისე, როგორც ჩვენ შეიძლება მოგვატყუოს ხშირად თვალებმა, ღამურებიც ასე არიან — ექოს ინტერპრეტირებას ყოველთვის სწორად ვერ ახდენენ.
როდესაც მკვლევრებმა ჰაერში ბგერის ჩვეული სიჩქარეზე მანიპულირება მოახდინეს, აღმოაჩინეს, რომ ამან ღამურის ფრენის ფოკუსში არეულობა გამოიწვია.
ექსპერიმენტში მკვლევართა ჯგუფმა ექვსი ახალშობილი ღამურა ნორმალურ ატმოსფერულ გარემო პირობებში გაზარდა, ხუთი კი ჰელიუმით მდიდარ ჰაერში, რაც ბგერის სიჩქარეს ზრდის.
ამის შემდეგ, ორივე ჯგუფის ექოლოკაციის უნარი შესაბამის გარემოში გატესტეს. სამიზნე საკვებთან მიახლოებისას, ჰელიუმით მდიდარ გარემოში გაზრდილი ღამურები იგივე ექოლოკაციურ მახასიათებლებსა და ფრენის ქცევებს გამოხატავდნენ, როგორსაც ნორმალურ ჰაერში გაზრდილები.
თუმცა, იმის გამო, რომ ჰელიუმის ღამურების ბგერების ექო მათთან უფრო სწრაფად ბრუნდებოდა, ეს ღამურები ტყუვდებოდნენ და დაშვება ჩქარა მოსდიოდათ.
როდესაც ღამურა სადღაც დაფრინავს და ჯდება, ესაჭიროება საკუთარი ბგერებისა და სხეულის ზუსტი კოორდინირება. როდესაც ის სამიზნეს უახლოვდება, მისი ექოლოკაცია იზრდება; როდესაც დასაჯდომად ფრენას ანელებს, სხეულს ატრიალებს და ფეხებს ჭიმავს.
ისეთ გარემოში, სადაც ბგერის სიჩქარე უფრო მაღალია, ეს ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება, რის გამოც, ღამურებს დაშვება სამიზნეზე უფრო ადრე მოსდით.
მრავალი მცდელობის მიუხედავად, ჰელიუმის ღამურები სამიზნეს მაინც ბგერის ნორმალური სიჩქარის გათვალისწინებით აცხრებოდნენ. ამ შეცდომის გამოსწორება ვერაფრით ისწავლეს.
ამასობაში, მეორე ჯგუფი, ჩვეულებრივ ჰაერში გაზრდილი ღამურები სწორედ იქ ეშვებოდნენ, სადაც გეგმავდნენ.
ჯამში ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ღამურებს დაბადებიდანვე აქვთ თანდაყოლილი ბგერის სიჩქარის შეგრძნება, რასაც ნასწავლი გამოცდილებით ვერ ცვლიან.
მაშინაც კი, როდესაც ზრდასრული ღამურები ჰელიუმით მდიდარ გარემოში შვიდი დღის განმავლობაში ამყოფეს, ახალ გარემოსთან მორგება მათ მაინც ვერ ისწავლეს.
ეს კი ნამდვილად მოულოდნელია, რადგან მგრძნობელობის სწავლა უპირატესობაა მრავალი ცხოველისთვის, განსაკუთრებით მათთვის, რომელთა გარემოც იცვლება.
მაგალითად, ტემპერატურის ცვლილების გამო, ბუნებაში ღამურები შეიძლება შეხვდნენ ბგერის სიჩქარის სწრაფ, მცირე ცვლილებებს. ზაფხულის სიცხეში და ზამთრის ყინვაში ბგერის სიჩქარე 7 პროცენტითაც კი იცვლება — ამ დასკვნამდე მეცნიერები ისრაელის არავაჰის უდაბნოს გარემოზე დაყრდნობით მივიდნენ, სადაც კვლევა მიმდინარეობდა.
ასეთი დიაპაზონიდან გამომდინარე, უცნაური ჩანს, რომ ღამურები ბგერის სიჩქარის ოდნავ ცვლილებასაც ვერ მოერგნენ. თუმცა, კვლევის ავტორები შენიშნავენ, რომ თავის ტვინის პლასტიკურობა ასევე დრო და ენერგია ღირს.
„იმის გამო, რომ ღამურებს ფრენის სწავლა დაბადებიდან მალევე ესაჭიროებათ, ვვარაუდობთ, რომ ევოლუციური „არჩევანი“ ამ ცოდნის თანხლებით დაბადებაზე გაკეთდა, რათა დაიზოგოს დრო სენსიტიური განვითარების პერიოდში“, — ამბობს იოველი.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.