გერმანული მედია - გერმანიის ერთ-ერთ ლტოლვილთა ბანაკში ქართველებსა და აფრიკელ ლტოლვილებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გერმანიის ლტოლვილთა ბანაკში ქართველებსა და აფრიკელ ლტოლვილებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ოთხი ქართველი მძიმედ დაშავდა, – ამის შესახებ გერმანული მედია ბრანდენბურგის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, ქალაქ ეიზენჰუტენშტადტში არსებულ ლტოლვილთა ბანაკში მასობრივი შეტაკების მიზეზი 29 წლის ქართველსა და 18 წლის სუდანელს შორის 22 ივლისს დაწყებული კონფლიქტი იყო, რა დროსაც აფრიკელი ლტოლვილი დაშავდა. ამის შემდეგ კი, 20 აფრიკელი საქართველოს ოთხ მოქალაქეს შურისძიების მიზნით თავს დაესხა. ისინი მეტალის სხვადასხვა ნივთით იყვნენ შეიარაღებული.
ბრანდენბურგის პოლიციის ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების დროს ოთხი ქართველი და ერთი სუდანელი ლტოვლილი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისინი მკურნალობას საავადმყოფოში გადიან.
გერმანული მედია იუწყება, რომ მათ მძიმე ჭრილობები აქვთ მიყენებული. ლტოვლილთა ბანაკში მომხდარი არეულობის შემდეგ პოლიციამ ადგილზე რეიდი ჩაატარა. ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ლტოლვილთა ბანაკიდან 55 საბრძოლო იარაღი, მათ შორის დანები, ჯოხები და სახრახნისები ამოიღეს.
სამართალდამცველების ცნობით, ლტოლვილები აღნიშნული ნივთების იარაღად გამოყენებას აპირებდნენ. სამართალდამცველებმა რვა აფრიკელი უკვე დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.