გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბიაში გაემგზავრა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბიაში გაემგზავრა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბიაში გაემგზავრა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ჰაიკო მაასი ლიბიაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით მხარეებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

როგორც გამგზავრებამდე გერმანიის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, კონფლიქტში სამხედრო ჩარევით ვერც ერთი მხარე ვერ მოიგებს.

„ბერლინის პროცესის საშუალებით ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა, დავიწყოთ სამშვიდობო მოლაპარაკებები ლიბიასთან დაკავშირებით. გზავნილი საკმაოდ მკაფიოა. ვერავინ მოიგებს კონფლიქტში სამხედრო ჩარევით. პირიქით, ახლა გაიხსნება ფანჯარა, რათა კონფლიქტი საერთაშორისო გავლენისგან გათავისუფლდეს“, – განაცხადა ჰაიკო მაასმა ლიბიაში გამგზავრებამდე.

ჩრდილოეთ აფრიკის რესპუბლიკაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით 19 იანვარს გერმანიაში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს, ამბოხებულების გენერალი ხალიფა ჰაფთარიც.

მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა. აღმოსავლეთ ლიბიას ამბოხებული გენერალი ხალიფა ჰაფთარი მართავს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქის აღებას ცდილობს.

ტრიპოლიში გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობაა განთავსებული. ხალიფა ჰაფთარს ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერენ მხარს.