გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბირთვული შეთანხმების საკითხის განსახილველად თეირანში ჩავიდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი ბირთვული შეთანხმების საკითხის განსახილველად თეირანში ჩავიდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, გერმანია, რომელიც 2015 წელს გაფორმებული დოკუმენტის ერთ-ერთი ხელმომწერია, სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად, შეთანხმების გადარჩენას ცდილობს.
გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მიიჩნევენ, რომ ბირთვული შეთანხმება საუკეთესო გზაა ირანის მიერ ურანის გამდიდრების პროგრამის შესაზღუდად.
თეირანში ჰაიკო მაასი თავის კოლეგას, მუჰამედ ჯავად ზარიფსა და ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის შეხვდება. ბირთვული შეთანხმების გარდა, გერმანელი დიპლომატი გეგმავს, რომ ირანულ მხარეს მოლაპარაკებების დროს სირიასა და იემენში თეირანის აქტიურობასთან დაკავშირებული შეშფოთება გაუზიაროს.
2018 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. გასულ თვეში ირანის ხელისუფლებამ გააცხადა, რომ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილს აღარ შეასრულებს.