გერმანიის პრეზიდენტი სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის შეცვლას ეწინააღმდეგება
გერმანიის პრეზიდენტი სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის  შეცვლას ეწინააღმდეგება

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის გენდერულ-ნეიტრალურად შეცვლას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მან გამოცემა Saarbrücker Zeitung-თან  ინტერვიუში განაცხადა.
„მე არ ვარ ტექსტის ცვლილების მომხრე“, -აღნიშნა შტაინმაიერმა.
მანამდე ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. მისი პოზიცია ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრმა ვინფრიდ კრეჩმანმა გაიზიარა. „ეს ჰიმნი ისტორიის კუთვნილებაა და ჩვენ სიხარულით შევასრულებთ მას მომავალში“, – განაცხადა კრეჩმანმა.
გერმანიაში ჰიმნის ტექსტთან დაკავშირებით დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც გერმანიის ოჯახის, მოხუცებულთა, ქალთა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი გენდერული თანასწორობის საკითხებში კრისტინ როზე-მერინგი გერმანიის ჰიმნის ტექსტის გენდერულ-ნეიტრალურად შეცვლის ინიციატივით გამოვიდა.

როზე-მერინგმა მთავრობას შესთავაზა, შეცვალონ სიტყვა “მამული” (das Vaterland) სამშობლოთი (das Heimatland), ხოლო სიტყვა “ძმურად” “გულადით” .
კრისტინ როზე-მერინგს მაგალითად მოჰყავს ავსტრია, სადაც 2012 წლიდან ჰიმნის ერთ-ერთი სტროფი გენდერულად ნეიტრალური ტექსტით შეცვალეს.

მიმდინარე წლის თებერვალში ჰიმნში ცვლილებები შეიტანა კანადამაც. კერძოდ, ფრაზა “სიყვარული სამშობლოსადმი ყველა შენს ვაჟებში” შეიცვალა ფრაზით “სიყვარული სამშობლოსადმი ყველა ჩვენგანში”.