გერმანიაში მიიჩნევენ, რომ მოსალოდნელი ამერიკული სანქციები საფრთხეს უქმნის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტს
გერმანიაში მიიჩნევენ, რომ მოსალოდნელი ამერიკული სანქციები საფრთხეს უქმნის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტს

გერმანელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ ახალი ამერიკული სანქციები, რომელთა დაწესებასაც ვაშინგტონი „ჩრდილოეთის ნაკადის 2“-ის მშენებლობის პროექტში ჩართული კომპანიებისთვის აპირებს, პროექტის არსებობას უქმნის საფრთხეს და გერმანიისა და ევროპის სუვერენიტეტში ჩარევა იქნება. ამის შესახებ დღეს ბუნდესტაგში გამართულ მოსმენაზე იმსჯელეს.

ახალი ამერიკული სანქციების მიზანია, კომპანიებმა აღარ გაუწიონ სერვისი და მომსახურება „გაზპრომს“ მილსადენის მშენებლობის პროექტში, რითაც შეფერხდება ან საერთოდ ჩავარდება მიმდინარე პროექტი. ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი გაწერილია 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტში, რომელსაც დიდი ალბათობით კონგრესი დაამტკიცებს. სანქციების შესახებ კანონპროექტის ავტორები რესპუბლიკელი ტედ კრუზი და დემოკრატი ჯინ შაჰინი არიან.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსული „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის პროექტია. ამჟამად, მილსადენის ჩრდილოეთ გერმანიის სადგურზე დაერთებამდე, წყლის ქვეშ მხოლოდ 160 კილომეტრის სიგრძის ფრაგმენტის მოწყობაა დარჩენილი.

„ჩვენ ვსაუბრობთ პირდაპირ და სერიოზულ ჩარევაზე გერმანიისა და ევროპის სუვერენიტეტში და ენერგეტიკულ პოლიტიკაში“, – განაცხადა მოსმენაზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნილს ანენმა .

გერმანიის აღმოსავლეთ ბიზნესასოციაციის დირექტორის, მიხაელ ჰარმსის ვარაუდით, ახალი სანქციები 12 ევროპული ქვეყნის 120-მდე კომპანიას შეეხება, რის გამოც მრავალი მათგანი მოისურვებს გამოეთიშოს პროექტს.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, „ექსტრატერიტორიული სანქციები კანონთან შესაბამისობაში ვერ მოდის“. კანცლერი მიიჩნევს, რომ პროექტის დასრულება სწორი იქნება.

მოსმენაზე ექსპერტის რანგში მიწვეული იყო გერმანიის ყოფილი კანცლერი და ამჟამად კომპანია Nord Stream AG -ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გერჰარდ შროდერი. მან დაგმო ამერიკული სანქციები და საპასუხო სანქციების შემოღების ინიციატივით გამოვიდა.

„ვფიქრობ, კონტრ-სანქციების გარეშე არ გამოვა“, – განაცხადა შროდერმა.