გეომაგნიტურმა შტორმმა SpaceX-ის 40 თანამგზავრი გაანადგურა — #1tvმეცნიერება
გეომაგნიტურმა შტორმმა SpaceX-ის 40 თანამგზავრი გაანადგურა — #1tvმეცნიერება

მძლავრმა გეომაგნიტურმა შტორმმა SpaceX-ის მიერ წინა კვირაში გაგზავნილი Starlink-ის 40 თანამგზავრი იმსხვერპლა. ამის შესახებ თავად კომპანია იუწყება.

ილონ მასკის კომპანიამ 49 თანამგზავრი 3 თებერვალს, რაკეტა Falcon 9-ით კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვა, მაგრამ მეორე დღეს დაწყებულმა გეომაგნიტურმა შტორმმა თანამგზავრები უკან, კვლავ დედამიწისკენ გამოტყორცნა, სადაც ისინი ატმოსფეროში დაიწვება.

„სამწუხაროდ, 3 თებერვალს გაგზავნილი თანამგზავრები მნიშვნელოვნად დააზიანა გეომაგნიტურმა შტორმმა. პირველადი ანალიზები აჩვენებს, რომ დაბალ სიმაღლეებზე გაზრდილმა წინააღმდეგობამ თანამგზავრებს უსაფრთხოების რეჟიმიდან გადართვის საშუალება არ მისცა, რათა ორბიტაზე გასვლის მანევრები შეესრულებინათ; შედეგად, 40-მდე თანამგზავრი ხელახლა შემოვა ან უკვე შემოვიდა დედამიწის ატმოსფეროში“, — წერს SpaceX-ი განცხადებაში.

გეომაგნიტური შტორმი მაშინ ხდება, როდესაც მზის ქარის დიდი ტალღა, ანუ მზისგან მომდინარე დამუხტული ნაწილაკები დედამიწის მაგნიტურ ველს ურტყამს და დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილში დამუხტულ ნაწილაკებსა და დინებებს წარმოქმნის.

ეს აზვირთებული ტალღა ზედა ატმოსფეროს ათბობს და მის ატმოსფერულ სიმკვრივეს იმდენად ზრდის, რომ ეს წინააღმდეგობა საკმარისია ასეთი თანამგზავრების უკან, დედამიწაზე გამოსატყორცნად. გეომაგნიტური შტორმი, რომელსაც თანამგზავრები გადაეყარნენ, იმ მზის ქარის მიერ არის წარმოქმნილი, რომელიც 30 იანვარს მზეზე მომხდარ ამოფრქვევას — კორონარული მასის ამოტყორცნას მოჰყვა.

გაშვების შემდეგ, SpaceX-ის 49 თანამგზავრმა ორბიტაზე მოძრაობა საკმაოდ დაბლა, დედამიწის ზედაპირიდან 210 კმ სიმაღლეზე დაიწყეს. ასეთი დაბალი ორბიტა განზრახ არის გეგმაში, რათა ისინი ხელმისაწვდომი იყოს გაშვების შემდეგ წარმოქმნილი რაიმე წარუმატებლობის შემთხვევაში; თუმცა, დაბალი ორბიტა მათ მოწყვლადს ხდის გეომაგნიტური შტორმის წინაშე.

როგორც SpaceX-ი განცხადებაში აღნიშნავს, თანამგზავრების GPS სისტემებმა აჩვენა, რომ შტორმმა ატმოსფერული წინააღმდეგობა წინა გაშვებებთან შედარებით 50 პროცენტამდე გაზარდა. საპასუხოდ, თანამგზავრებს შტორმისგან თავდაცვის ბრძანება მიეცათ, რაც გულისხმობს ქაღალდის ფურცლის მსგავსად ფრენას.

ასეთი ფრენა მიიღწევა ატმოსფეროში მოძრავი თანამგზავრების ზედაპირის ფართობის შემცირებით და წარმოადგენდა თანამგზავრების სწრაფი შენელების აღკვეთის მცდელობას.

თუმცა, წინააღმდეგობა ზედმეტად მაღალი იყო. ორმოცი თანამგზავრი ახლა დედამიწისკენ მოემართება. როგორც SpaceX-ი საზოგადოებას არწმუნებს, თანამგზავრები ისეა დაპროექტებული, რომ ატმოსფეროშივე დაიშლება, არ დარჩება ორბიტული ნაგავი და არც რაიმე ნარჩენები ჩამოცვივა დედამიწაზე.

SpaceX-ი პროექტ Starlink-ის თანამგზავრებს 2019 წლიდან უშვებს. 2000 მათგანი უკვე დედამიწის ორბიტაზე მოძრაობს და კომპანია სულ 42 000-მდე თანამგზავრის გაშვებას გეგმავს.

პროგრამა Starlink-ი მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შესთავაზებს მაღალსიჩქარიან ინტერნეტს. თუმცა, პროექტს აკრიტიკებენ ასტრონომები, რადგან კაშკაშა თანამგზავრები ღამის ცაზე ხშირად სინათლეს ტოვებენ და ხელს უშლიან ასტრონომიულ დაკვირვებებს.

2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, დედამიწის ორბიტაზე ამჟამად 8440 ტონა ისეთი კოსმოსური ობიექტი მოძრაობს, მათ შორის არის უმოქმედო თანამგზავრები და გაშვებული რაკეტების დეტალები, რაც ღამის ცის ზოგად სიკაშკაშეს 10 პროცენტით ზრდის.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.