გეოლოგებმა მაჩუ-პიქჩუს უცნაური ადგილმდებარეობის საიდუმლო ამოხსნეს
გეოლოგებმა მაჩუ-პიქჩუს უცნაური ადგილმდებარეობის საიდუმლო ამოხსნეს

რამდენად მშვენიერიც არ უნდა იყოს მაჩუ-პიქჩუ, მასთან მისვლა არც ისე იოლია. უძველესი ქალაქი გაშენებულია ანდების მთებში, ფრიალო კლდეებზე, სამი მხრიდან გარს უვლის მდინარე ურუბამბა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ როგორც იქნა, საბოლოოდ გაარკვიეს, რატომ შეარჩიეს ინკებმა ქალაქის ასაშენებლად ეს ადგილი.

ძაღლის თავი შესაძლოა, ინკების სახელგანთქმული ქალაქის სიღრმეში მარხია, ნაპრალებში, სადაც ერთმანეთს ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ხვდებიან. მილიონობით წლის განმავლობაში, ამ ნაპრალებმა დიდი ოდენობით ქვა წარმოქმნა, რაც ინკებმა სამშენებლო მასალად გამოიყენეს.

მაჩუ-პიქჩუს შენობებსა და ტაძრებში გამოყენებული ქვები იმდენად კარგადაა ერთმანეთში ჩასმული, რომ შეერთების ადგილას ნაპრალები არ არის, ინკებს კირხსნარიც კი არ გამოუყენებიათ. იმის გამო, რომ ამ ადგილას ქვები უხვად იყო, ცხადია, დაიზოგებოდა დრო.

ბრაზილიის რიუ-გრანდი-დუ-სულის უნივერსიტეტის გეოლოგის, რუალდო მენეგატის განცხადებით, მაჩუ-პიქჩუს ადგილმდებარეობა შემთხვევითი არ არის. მისივე თქმით, მაღალ მთებში ასეთი ძეგლის აშენება შეუძლებელი იქნებოდა, თუ იქ არ იარსებებდა კლდის ნამსხვრევები, ანუ ლოდები.

თანამგზავრული ფოტოებისა და ადგილზე შეგროვებული მონაცემების შეჯერების შემდეგ, მენეგატმა და მისმა კოლეგებმა ინკების უძველესი ციტადელის ქვეშ ნაპრალები შენიშნეს. ზოგიერთი ნახეთქის სიგრძე 175 კილომეტრს აღწევს.

ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ მაჩუ-პიქჩუ გაშენებულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ გადაჭიმული და ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიმავალ ნაპრალთა შეხვედრის წერტილში. მკვლევართა დასკვნით, ზუსტად ასეთ ადგილებზეა გაშენებული ინკების სხვა ქალაქებიც, მათ შორის ოლიანტაიტამბო, პისაკი და კუსკო.

ზოგიერთ შემთხვევაში, მაჩუ-პიქჩუს შენობებისა და კიბეების გარკვეული ნაწილი პირდაპირ ნაპრალებზეა დაშენებული.

მენეგატის განცხადებით, ძეგლის განლაგება ცხადად ემთხვევა მისი საძირკვლის დანაწევრებას.

მხოლოდ ქვების სიუხვემ როდი აიძულა ინკები ეს მშვენიერი ქალაქი მთის ქედზე, ზღვის დონიდან 2430 მეტრზე აეშენებინათ. ნაპრალები, რომლებმაც ქვები წარმოქმნა, ასევე ქმნის ბრწყინვალე სადრენაჟო სისტემას.

ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი წვიმის შტორმების დროს, ეს ფაქტორი ქალაქის მცხოვრებლებს დიდად უნდა დახმარებოდა გამანადგურებელი წყალდიდობების თავიდან აცილებაში. სწორედ ეს უნდა იყოს იმის ერთ-ერთი მიზეზიც, რომ მაჩუ-პიქჩუმ ჩვენამდე ასე ბრწყინვალე სახით მოაღწია და წელიწადში 1,5 მილიონ მნახველს მასპინძლობს.

ინკების შესახებ ბევრი რამ დღემდე იდუმალებით არის მოცული. მათ შორის, არ ვიცით ამ ცივილიზაციის წარმოშობა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში XIII-XVI საუკუნეებში არსებობდა. სამაგიეროდ, ვიცით, რომ ისინი უბადლო მშენებლები იყვნენ, სხვა უძველეს ხალხთა მსგავსად. მათ მიერ შექმნილი შედევრი ნაგებობები დღესაც ბევრ რამეს გვასწავლის მშენებლობის შესახებ.

მომზადებულია geosociety.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.