გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი „სვირის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი „სვირის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი „სვირის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „სვირი“ საქპატენტში 2007 წლის 10 დეკემბერს არის რეგისტრირებული.

„ქუთაისი ხომ ყოველთვის ახერხებს, იყოს მთელი ქვეყნის გული როგორც გეოგრაფიულად, ისე კულტურულად, სამეწარმეო თუ სავაჭრო მიმართულებით. ლიტერატურული აფეთქებების, საეტაპო თეატრალური გარდატეხების, უამრავი შემოქმედის აღზრდისა და სხვა ბევრი ღირსების ფონზე, დამატებითი კოლორიტია ქუთაისის ბაზარი, სავაჭროდ გამოსული ფერმერებით და მთელი საქართველოდან ჩამოტანილი ნაირფერი პროდუქტით. ქუთაისის ბაზარში ცნობილი იყო ფირმა „კოსტავა და ძმები“ – 1890 წელს დაარსებული გაერთიანება, რომელსაც საცხოვრებელი სახლის ფართობში ჰქონდა გახსნილი ღვინის პატარა სავაჭრო პუნქტი. ციცქა, ცოლიკოური, საეკლესიო ღვინო და სვირი – აი, ეს ღვინოები ჰქონდა გამოტანილი გასაყიდად „კოსტავა და ძმებს“. 1890 წელს სვირის ღვინო უკვე დაფასოებული სახით იყიდებოდა. თუმცა, იმერეთის მევენახეობის შესახებ არაერთი გადმოცემა ადასტურებს, რომ ამ ღვინოს საუკუნეობრივი ისტორია აქვს. მასზე წერს ცნობილი ქართველი აგრონომი ერმილე ნაკაშიძე და ახსენებს საქართველოში ჩამოსულ ევროპელ მოგზაურებს, რომელთაც ამ მხარეში მაღალხარისხიანი ღვინო აქვთ გასინჯული. იქნება ეს დიუბუა დე მონპერე თუ ჟან შარდენი, რომელთა მოგზაურობას კავკასიაში ქართული ღვინის და კონკრეტულად იმერული ღვინის გარეშე არ ჩაუვლია.

იმერული მევენახეობის ყველაზე განვითარებულ პერიოდად შეგვიძლია დავასახელოთ XIX საუკუნის მეორე ნახევარი, როდესაც იმატა ვენახების ფართობმა. ამ პერიოდს ემთხვევა ქუთაისის ბაზრის ამბავიც და კიდევ ერთი დაფასოებული ღვინის გამოჩენაც, სახელად „სვირის ღვინო №1 ივერია“, რომლის ბაზარზე გამოჩენა 1894 წლით თარიღდება.

მოულოდნელად, XIX საუკუნის ბოლოს, სოკოვანი დაავადებების მასობრივი გავრცელების გამო, რეგიონის ვენახები თითქმის განახევრდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, სულზე მიუსწრო ახალაშენებულმა ქარხანამ. ასე გაჩნდა ღვინის წარმოება ზესტაფონში 1950 წელს. მას სათავეში ჩაუდგა ზესტაფონის საწარმოო გაერთიანების მთავარი მეღვინე – პეტრე ჭაჭიაშვილი, რომელმაც გადაარჩინა ღვინო „სვირი“ გაქრობას. მან ცოლიკოურის, ციცქას და კრახუნას ჯიშებით მიიღო ღვინო „სვირი“ და მას შემდეგ ღვინის ამ სახეობას სხვა საფრთხე აღარ დამუქრებია.

„სვირი“ თეთრი მშრალი ღვინოა, ჩალისფრიდან მუქ ჩალისფრამდე შეფერილობით და მოყვითალო ელფერით. აქვს უზადო გემო, მიკრობიოლოგიურად ჯანსაღი, ჰარმონიული, სასიამოვნო, ხალისიანი, დახვეწილი, ამ ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით. მზადდება თვითნადენი ტკბილის სრული დადუღებით ქვევრში (ჭურში) 4-6% ფერმენტირებული ჭაჭის თანხლებით. დავარგებისას ივითარებს სასიამოვნო ბუკეტს ხილის ტონებით. მისი ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს.

ღვინის სახელწოდება „სვირი“, ბუნებრივია, მიგვანიშნებს, რომ ის პირდაპირ დაკავშირებულია თავის წარმოშობის ადგილთან, რომელიც მოიცავს სოფლებს პირველ და მეორე სვირს. უფრო ზუსტად თუ აღვწერთ, მისი მიკროზონა იწყება მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპირო ზოლიდან და ადის როდინაულის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე. შესაბამისად, სვირის დამზადება შესაძლებელია მხოლოდ სვირის მიკროზონაში მოწეული ცოლიკოურის, ციცქას ან/და კრახუნას ჯიშის ყურძნიდან, რომლებიც იკრიფება მწიფე მდგომარეობაში, არანაკლებ 19%-იანი შაქრის შემცველობით. ბუნებრივია, ღვინის განუმეორებელი მახასიათებლები განპირობებულია, ასევე, მიკროზონისთვის დამახასიათებელი კლიმატით, ნიადაგების მრავალფეროვნებითა და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით. შესაბამისად, ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება დასაშვებია მხოლოდ ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში, ხოლო ბოთლში ჩამოსხმა – ამ რაიონების ფარგლებს გარეთაც, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „სვირი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2007 წლის 10 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე“, – აღნიშნულია სტატიაში.