გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „მაღრაანის ქისის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „მაღრაანის ქისის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „მაღრაანის ქისის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

როგორც საქპატენტის სტატიაშია აღნიშნული, ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „მაღრაანის ქისი“ საქპატენტში 2021 წლის 31 მაისს არის რეგისტრირებული.

„ახმეტის რაიონში სოფელი მაღრაანი ტყეში შეფენილი უძველესი დასახლება იყო, თუმცა დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეში, სოფელმა ბარში ჩამოიწია, უკეთესი საცხოვრებელი პირობების გამო ხალხმა სახლები დაბლობზე აიშენა, მიტოვებულ ნასახლარზე კი ტყის მასივი უფრო მეტად გაიზარდა და დღეს, თუ იმ ადგილას მოხვდებით, ტყეში შემალული ნასახლარები საინტერესო სათავგადასავლო ტურს გპირდებათ. ამ სანახაობების ნაწილია ნასოფლარში გაბნეული უძველესი მარნები, ქვევრები, საწნახელები და საუკუნოვანი ნავენახარი, რაც ადასტურებს, რომ ამ სოფლის მოსახლეობის მთავარი საქმე სწორედ ღვინოსა და ვენახს უკავშირდებოდა.

ასეც რომ არ იყოს, თუ მაღრაანში მოხვდებით, ნახავთ, რომ სოფელი გაშენებულია მდინარის პირას, მდინარეს „მაჭარეული“ ჰქვია. ამ სიტყვას თუ შუაზე გავყოფთ, მივიღებთ „მაჭარ-რეულს“ და სოფლის ძველ თქმულებას ერთი მეღვინე გლეხის შესახებ, რომელსაც საწნახელი გაუტყდა და მთელი დაღვრილი მაჭარი მდინარეს შეერია. ასე რომ, სადაც გაიხედავთ ან რასაც გაიგონებთ მაღრაანში, ყველაფერი ღვინოსთან იქნება დაკავშირებული. მათ შორის, კახეთში გავრცელებული ყურძნის ჯიშის, „ქისისგან“ დაყენებული ღვინო, რომელიც სწორედ „მაღრაანის ქისის“ სახელით არის შესული ქართული ადგილწარმოშობის დასახელების სახელმწიფო რეესტრში.

ადგილმონაცვლეობის დროს სოფლის მოსახლეობამ ვენახების თავიდან გაშენებაც დაიწყო, რათა უძველესი ტრადიცია ტყის გარეთაც გაეგრძელებინათ, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით ვერ წარიმართა, ყურძენი შეიცვალა, გადაჯიშდა და ვაზის მაღრაანული ჯიში – „ქისი“ საერთოდ დაიკარგა. გადმოცემის თანახმად, დღეს მთელი საქართველო უნდა უმადლოდეს ერთ გლეხს, რომელმაც ადიდებული მდინარიდან გამორიყული ხე იპოვა, ხეზე ვაზი იყო ასული. ცნობისმოყვარე გლეხმა ვაზი მოჭრა, ხელახლა დარგო და ამ ნერგიდან გახარებული ახალი ვაზი მეზობლებში გაავრცელა. ასე დაიბადა ხელმეორედ ღვინო „მაღრაანის ქისი“, რომელზეც მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.

ის არის თეთრი მშრალი და ქარვისფერი მშრალი, ორი სახეობის ღვინო. თეთრს აქვს ღია ჩალისფრიდან ღია ოქროსფრამდე შეფერილობა. უზადო, ნაზი, რბილი, ხალისიანი და დახვეწილი გემო. ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით, მინდვრის ყვავილების, ციტრუსის და ხილის (განსაკუთრებით, ვაშლის, მსხლის და ატმის) ტონებით. დავარგებისას თეთრ მშრალ ღვინოს უვითარდება გამშრალი ბალახების და ჩირების არომატები.

ქარვისფერი „მაღრაანის ქისის“ შემთხვევაში, მისი ფერი ოქროსფრიდან მუქ ქარვისფრამდე მერყეობს. აქვს უზადო, რბილი, დახვეწილი, ჰარმონიული, სხეულიანი გემო, კარგად გამოხატული ჯიშური არომატით, ზომიერი და რბილი სიმწკლარტით. ახალგაზრდა ღვინოში დომინირებს ხილის არომატები, უმეტესად ვაშლის, მსხლის და ატმის ბუკეტით. დავარგებისას ქარვისფერ ღვინოს უვითარდება მოხალული ნუშის და გარგრის ჩირის ტონები.

აუცილებელი მოთხოვნები „მაღრაანის ქისის“ დამზადების დროს: თეთრი მშრალი ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა იყოს არანაკლებ 11%, საერთო მოცულობითი სპირტშემცველობა არაუმეტეს – 15%, ხოლო შაქრიანობა კი – არაუმეტეს 4 გ/ლ. ქარვისფერი მშრალი ღვინის შემთხვევაში, ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა იყოს არანაკლებ 12%, საერთო მოცულობითი სპირტშემცველობა – არაუმეტეს 15%, შაქრიანობა კი – არაუმეტეს 4 გ/ლ.

მართალია, ამ ღვინის სამშობლო უშუალოდ სოფელი მაღრაანია, მაგრამ მიკროზონის არეალი მოიცავს კიდევ რამდენიმე სოფელს. ესენია: ფიჩხოვანი, არგოხი და ბაბანეური. გასათვალისწინებელია, რომ ადგილობრივ მიკროზონაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს უნიკალური კლიმატი, რომელსაც გარანტად უდგას ბაბანეურის ნაკრძალი, ბაწარა-ბაბანეურის აღკვეთილის უდიდესი ნაწილი. ნაკრძალი განაპირობებს ამ არეალის სეზონურ თავისებურებებს – ერთმანეთს ენაცვლებოდეს მკვეთრად ცხელი ზაფხული და მკვეთრად ცივი, ხანგრძლივი ზამთარი. ჰავა კი კახეთის სხვა მხარეებთან შედარებით მეტად ნოტიოა.

„მაღრაანის ქისის“ წარმოება ნებადართულია სწორედ ამ მიკროზონის საზღვრებში, მხოლოდ ქისის ჯიშის ყურძნიდან. ნაყოფი უნდა იყოს აუცილებლად მწიფე, თეთრი მშრალი ღვინის შემთხვევაში, არანაკლებ 19%-იანი შაქრიანობით, ქარვისფერი მშრალის შემთხვევაში კი – არანაკლებ 20%-იანი შაქრიანობით. საერთო ჯამში, განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის მაღრაანის ადგილობრივ მოსახლეობას, რომელმაც ყურადღება მიაქცია ქისის ჯიშს. შედარებით ნაკლებმოსავლიანობის გამო, მის გავრცელებას კომუნისტების პერიოდში ერიდებოდნენ, არადა, სწორედ ამ უნიკალური ჯიშის მეშვეობით მზადდება ღვინო, რომელიც ქართული ღვინოების სიაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.

ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „მაღრაანის ქისი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2021 წლის 31 მაისს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე“, – აღნიშნულია სტატიაში.