გენური ინჟინერიით გამოიყვანეს პომიდორი, რომელშიც დიდი ოდენობით D ვიტამინს შეიცავს — #1tvმეცნიერება
CRISPR ტექნოლოგიის გამოყენებით შეტანილი რამდენიმე გენეტიკური ცვლილებით, მეცნიერებმა გამოიყვანეს სპეციალური პომიდორი, რომელსაც ფოთლებში D ვიტამინი აქვს.
გენური ინჟინერიის შედეგად, ამ პომიდვრის რბილობსა და კანში იმავე ოდენობის D ვიტამინია, რაც ორ კვერცხში ან 28 გრამ თინუსში. ორივე ეს საკვები ამჟამად ამ სასიცოცხლო საკვები ნივთიერების რეკომენდებული წყაროა.
ერთი საათის განმავლობაში ულტრაიისფერი სინათლის ქვეშ ყოფნისას, ეს პროვიტამინები ადვილად გარდაიქმნა ვიტამინ D3-ად.
პროვიტამინები და ვიტამინები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
„ვაჩვენეთ, რომ გენების რედაქტირებით შესაძლებელია პომიდორი პროვიტამინ D3-ით აღვჭურვოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პომიდორი შეიძლება იქცეს ვიტამინ D3-ის მდგრად მცენარეულ წყაროდ“, — ამბობს ბოტანიკოსი კატი მარტინი, რომელიც ინგლისში, მცენარეთა კვლევის დამოუკიდებელ ცენტრ ჯონ-ინში მუშაობს.
მისივე განცხადებით, ევროპელთა 40 პროცენტს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს, მსოფლიოში კი მილიარდ ადამიანს.
„არა მხოლოდ ჯანმრთელობის უდიდეს პრობლემას აღმოვფხვრით, არამედ დავეხმარებით მწარმოებლებსაც, რადგან პომიდვრის ფოთლები, რომლებიც ამჟამად ნაგავში მიდის, შეიძლება დანამატების საწარმოებლად გამოიყენონ გენური რედაქტირების ხაზიდან“, — აღნიშნავს მარტინი.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ გენ-რედაქტირებულ პომიდვრებს შორის, საჭმელი მწვანე ფოთლები შეიცავდა გრამზე 600 მიკროგრამ პროვიტამინ D3-ს.
ეს მაჩვენებელი 60-ჯერ მაღალია, ვიდრე რეკომენდებული დღიური ნორმა მოზრდილებისთვის.
ავტორები ხალხს ნაყოფთან ერთად პომიდვრის ფოთლების ჭამას კი არ სთავაზობენ, არამედ მათ სათანადოდ გამოყენებას გადაყრის ნაცვლად. მაგალითად, ნარჩენი მწვანე მასალის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ვეგანური ვიტამინ D3-ის დანამატების წარმოება.
როგორც ჩანს, თუ მოვინდომებთ, შესაძლებელი იქნება გენური ინჟინერიით გამოყვანილი პომიდვრის ყველა ნაწილის გამოყენება D ვიტამინის ნაკლებობის შესავსებად.
ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის დონის მომატების ერთ-ერთი გზა მზეზე ყოფნაა, მეორე მთავარი წყარო კი კვების რაციონი. თუმცა, ამ ვიტამინს ძალიან ცოტა საკვები შეიცავს და კიდევ უფრო ცოტა მათგანია ვეგანური.
შედეგად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით, D ვიტამინით ხელოვნურად ამდიდრებენ ისეთ პროდუქტებს, როგორებიც არის რძე, მარცვლეული, ფორთოხლის წვენი.
პომიდორი ბუნებრივად შეიცავს ვიტამინ D3-ის ზოგიერთ პრეკურსორს, რომელსაც 7-დეჰიდროქოლესტერინს, შემოკლებით 7-DHC-ს უწოდებენ.
იმ გენების გამორთვით, რომლებშიც 7-DHC-ის დამშლელი ფერმენტებია დაშიფრული, მკვლევრებმა D ვიტამინის პრეკურსორს აიძულეს როგორც მკვახე, ისე მწიფე პომიდორში აკუმულირება.
მზის სინათლის პირობებში, ეს პრეკურსორი ადვილად გარდაიქმნება D ვიტამინად.
„იმ მოხუცებისთვის, რომლებსაც 7-DHC-ის მცირე დონე აქვთ, 7-DHC-ით გამდიდრებული პომიდვრის ჭამამ შეიძლება პირდაპირ გადაჭრას მათი დეფიციტის პრობლემა“, — წერენ მკვლევრები.
ყველაზე უკეთესი კი ის არის, რომ გენეტიკურმა ცვლილებებმა არ გამოიწვია ცვლილებები პომიდვრის ზრდაში, განვითარებასა და მოსავლიანობაში.
გამომდინარე იქიდან, რომ ვიტამინ D-ის დეფიციტი დაკავშირებულია კიბოს, პარკინსონის დაავადების, დეპრესიისა და დემენციის რისკის ზრდასთან, ხილისა და ბოსტნეულის ამ ვიტამინით გამდიდრებამ შეიძლება საკმაოდ დიდი გზა განვლოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ.
იმედისმომცემი შედეგების შემდეგ, მკვლევრები პომიდორს ვიტამინ D3-ის ახალ, მცენარეულ მდგრად წყაროდ მიიჩნევენ. ამავე დროს, ის შეიძლება არც უკანასკნელი იყოს.
ვიტამინ D3-ის ასეთივე პრეკურსორები აქვს ბადრიჯანს, კარტოფილსა და წიწაკას, რომლებსაც გენური ინჟინერიით შეიძლება ასევე ვაიძულოთ მცენარეში აკუმულირება.
კვლევა Nature Plants-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია jic.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.