გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე მინდია ჯანელიძის გამოკითხვა დასრულდა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ არ ისაუბრა, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო უწყებას.
ჯანელიძე ჟურნალისტებთან მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა.
„მივაწოდე ინფორმაცია რაც მე გამაჩნდა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯანელიძემ.
სხვა დამატებით კითხვებზე ჯანელიძეს მედიასთან განცხადება არ გაუკეთებია.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე.